საქართველოს მთავრობის კანცელარია მთავრობის ადმინისტრაციად გარდაიქმნება. განხორციელდება სტრატეგიული მიმართულების სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებები. კანცელარიის რეორგანიზაცია დაეფუძნება ღია და საჯარო მმართველობის ევროპულ მოდელს. ადმინისტრაცია მჭიდროდ ითანამშრომლებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან; ჩამოყალიბდება და კიდევ უფრო გაძლიერდება პრემიერ-მინისტრთან არსებული საბჭოები. ადმინისტრაცია ორიენტირებული იქნება სამთავრობო სტრუქტურებს შორის კოორდინაციასა და ეფექტურ მონიტორინგზე.
ერთის მხრივ, კანცელარიის რეფორმირება გამოწვეულია საკონსტიტუციო ცვლილებებით, რომლითაც პრემიერ-მინისტრის უფლება-მოვალეობები მნიშვნელოვნად გაიზარდა. მეორეს მხრივ კი, ასეთ სტრუქტრულ რეორგანიზაციას თან ახლავს მეტი ეფექტურობის მოთხოვნა. სწორედ ამიტომ, კანცელარიის რეორგანიზაცია მართვის თანამედროვე ევროპული სტანდარტების დანერგვაზე იქნება ორიენტირებული.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრიორიტეტად რჩება ეფექტიანი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის დამკვიდრება. აღნიშნული ცვლილები პასუხობს საქართველოს მთავრობის წინაშე მდგარ ამოცანებს, რომელთა განხორციელებასაც პრემიერ-მინისიტრი ადმინისტრაციასთან და მთავრობასთან ერთად გეგმავს. უახლოეს მომავალში კანცელარია ახალი სტრუქტურის პრეზენტაციას გამართავს.