თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის ხელმძღვანელი თეა თუთბერიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, კანონიერ ქურდებთან დაკავშირებულ განცხადებას მიესალმება.
როგორც თუთბერიძემ "პრაიმტაიმის" პრესკლუბში ჟურნალისტებს დღევანდელ პრესკონფერენციაზე განუცხადა ირაკლი ღარიბაშვილს შინაგან საქმეთა მინისტრობის დროსაც ამ თემაზე ჩამოყალიბებული პოზიცია გააჩნდა.
"მისასალმებელია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება კანონიერ ქურდებთან დაკავშირებით რომ კანონი არ გადაიხედება. ღარიბაშვილს შინაგან საქმეთა მინისტრობის დროსაც ჰქონდა ამასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული პოზიცია იმ ამნისტიასთან დაკავშირებით რომელიც ქვეყანაში განხორციელდა. ის ეწინააღმდეგებოდა ამას თუმცა პარლამენტმა მაინც მიიღო გადაწყვეტილება. ფაქტია რომ ამან სერიოზული პრობლემები შეუქმნა საქართველოს. კანონიერი ქურდები დამნაშავეები არიან და ისინი სათავეში უდგანან ორგანიზებულ დანაშაულს", - აცხადებს თუთბერიძე.
ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებით კანონის გადახედვის აუცილებლობაზე განცხადება "პრაიმტაიმის" პრესკლუბში, უმრავლესობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ვახტანგ ხმალაძემ გააკეთა. ამ განცხადებას მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერის მწვავე რეაქცია მოჰყვა. ხელისუფლება აცხადებს რომ პოზიცია ურყევია და კანონი არ გადაიხედება.