პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საპატრიარქოსთან მომხდარ ინციდენტს ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ,,ჯი-ეიჩ-ენი" უცვლელად გთავაზობთ: ,,სინანულს გამოვთქვამ საპატრიარქოსთან მომხდარი ინციდენტის გამო. ღირსეული, თავისუფალი ადამიანების საზოგადოებაში სრულიად გაუმართლებელია ძალადობა ნებისმიერი საბაბით. ეს არის ჩვენი ხელისუფლების ურყევი ნება. ეს არაერთხელ ხაზგასმით უთქვამს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქსაც. საქართველო ისტორიულად შემწყნარებლობის, განსხვავებულისადმი პატივისცემის ქვეყანაა. სწორედ ამან შეგვანარჩუნებინა ის მრავალფეროვნება, რომლითაც სამართლიანად ვიწონებთ თავს. ჩვენი ქვეყნის ეთნიკური, რელიგიური, კულტურული მრავალფეროვნება არის და ყოველთვის უნდა იყოს ამოუწურავი რესურსი დიალოგისა და თანამშრომლობისათვის და არა - დაპირისპირებისათვის", _ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საპატრიარქოსთან ორი ურთიერთსაწინააღმდეგო აქცია გაიმართა, ერთი ნაწილი საშობაო ეპისტოლეში პატრიარქის პოზიციას სუროგატ დედებთან და ხელოვნური განაყოფიერებასთან დაკავშირებით მხარს უჭერდა, ნაწილი კი ეწინააღმდეგებოდა. აქციაზე ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. აქციაზე სამართალდამცავებმა, ოთხი ადამიანი დააკავეს. დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ საპატრიარქოსთან აქციის მიმდინარეობის დროს დაკავებული ოთხი პირიდან სამს 100-100-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, ერთ მათგანს კი შენიშვნა მისცა.