აფხაზებსა და ოსებს დიდი არჩევანის საშუალება არ აქვთ. ეს არის ან რუსეთი ან საქართველო, მაგრამ საქართველოს მათთვის სხვა რამის შეთავაზე შეუძლია - რუსეთი ან ევროპა. აცხადებს „ბი-ბი-სი"-სათვის მიცემულ ინტერვიუში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი.
მისივე თქმით, რა თქმა უნდა ეს ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ საქარეთველოს შეუძლია აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შესთავაზოს დემოკრატიული ინსტიტუტების მთელი პაკეტი, ისეთი როგორიც არის მაგალითად ხელისუფლების გადანაწილება, დამოუკიდებელი საქმისწარმოება, ადამიანის უფლებებისა და მათ შორის უმცირესობების უფლებების დაცვა.
"იქ (აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში) დღეს არის რუსული ენა, რუსული კანონმდებლობა, რუსული კულტურა, რუსეთის ტელევიზია და რუსეთის არმია.
ჩვენ კი მათ შეგვიძლია შევთავაზოთ არა ქართული, არამედ საკუთარი ფასეულობები. ჩვენ არ ვაპირებთ მათ თავს ქართული ენა მოვახვიოთ. ჩვენ გვესმის, რომ აფხაზეთში უკვე დაივიწყეს ქართული ენა, მაგრამ იქ, აფხაზურს რუსული ენა დევნის. ჩვენ მათ თავისუფალი არჩევანის უფლება უნდა შევთავაზოთ - იმ ფასეულობების არჩევანის თავისუფლება უნდა შევთავაზოთ რომლებიც მათ აწყობთ",_ აცხადებს ზაქარეიშვილი.