პარალმენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის მაგალითი კარგი გაკვეთილი იქნება მთავარი პროკურორობის მსურველთათვის.
,,ეს კონკრეტული საკითხი ჩემი აზრით მთავარი პროკურორობის მსურველთათვის, ან ამისთვის მზად მყოფი ადამიანებისთვის იქნება ძალიან კარგი გაკვეთილი, რომ, როდესაც საჯარო ასპარეზზე გამოდიხარ, ცხოვრების თითოეული დეტალი, თითოეული ეპიზოდი ხვდება გამადიდებლის ქვეშ და საზოგადოებას უჩნდება კითხვები", _განაცხადა უსუფაშვილმა.
უსუფაშვილის განმარტებით, ოთარ ფარცხალაძე არავის არ გადაუყენებია და თანამდებობიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება თავად მიიღო.
,,მთავარი პროკურორი გადადგა ის არავის არ გადაუყენებია, ყველა თანამდებობის პირი თავად ვგრძნობთ იმ ვითარებას რა ვითარებაშიც გვიწევს მუშაობა და თუ შეიქმნა გარკვეული გარემოებები, მიუხედავად იმისა, ეს გარემოებები რამდენად ობიექტური, საფუძვლიანი და რამდენად მყარია, თუ თანამდებობის პირი ხედავს რომ ამ გარემოებათა გამო მოვალეობა-ფუნქციების შესრულება სათანადოდ აღარ შეუძლია, ამას ყველაზე უკეთ თანამდებობის პირი გრძნობს და პირველ რიგში, მისი გადასაწყვეტია გადადგეს თუ არ გადადგეს. ეს პოზიცია იყო ჩემი პოზიცია თავიდანვე და ეს პოზიცია მაქვს დღესაც", _განაცხადა უსუფაშვილმა ,,იმედის" ეთერში.