წლის დასაწყისიდან ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 4,5%-ითაა გაუფასურებული. როგორც სებ-ის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე განმარტავს, თუ კი სებ-ი სამომავლოდ დაინახავს საჭიროებას, რომ მონეტარული პოლიტიკა უნდა გამკაცრდეს, ის ამას აუცილებლად გააკეთებს. თუმცა ამ ეტაპზე აღნიშნულის საჭიროება არ არსებობს.
„როგორც იცით საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსი მოქმედებს. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ არ დავუშვათ ინფლაციური წნეხის ასახვა ეკონომიკურ ზრდაზე და ფასების სტაბილურობაზე. თუ კი დადგება აუცილებლობა და ჩვენ დავინახავთ, რომ კურსის მერყეობით იზრდება ინფლაციური ზეწოლა, ამ შემთხვევაში ჩვენ შევცვლით შერბილების პოლიტიკას და დავიწყებთ გამკაცრების პოლიტიკას, იმისათვის, რომ ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი იყოს 5 %-ის ფარგლებში"- აცხადებს გიორგი ქადაგიძე.
სებ-ის პრეზიდენტი იმ ფაქტორებსაც ხსნის, რამაც კურსის ცვლილებაზე ძირითადი გავლენა იქონია.
„კურსის ფორმირებაში მონაწილეობს ძალიან ბევრი ფაქტორი. მე გამოვყოფ მხოლოდ 3 ფაქტორს. 1-ელი ფაქტორი ეს არის სებ-ის მიერ შერბილებული პოლიტიკა, რომელიც მიზნად ისახავდა დეფლაციური წნეხიდან ქვეყნის გამოყვანას. მე-2 ფაქტორი ეს არის საბიუჯეტო ხარჯების გააქტიურება, უფრო კონკრეტულად კი პირველი 9 თვის განმავლობაში ბიუჯეტი იყო პროფიციტული, წლის ბოლოდან შეინიშნება და უკვე სახეზეა საბიუჯეტო ხარჯვითი ნაწილის გააქტიურება, რამაც ასევე იქონია გავლენა. ასევე მე-3 ფაქტორი ეს არის, რომ 10 თვის მონაცემებით იმპორტი შემცირდა დაახლოებით 4 პროცენტით. წინასწარი მონაცემებით იმპორტი გაიზარდა 22 %-ით და შესაბამისად ამ სამმა ფაქტორმა კურსზე იქონია გავლენა"- აცხადებს ქადაგიძე.