საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 2014 წელს გეგმავს, გააგრძელოს იმ ნაბიჯების გადადგმა, რაც უზრუნველყოფს ეკონომიკის ინკლუზიურ ზრდას, კერძო სექტორის გავითარებისთვის ხესაყრელი პირობებისა და დამატებითი შესაძლებლობების შექმნის გზით.
კერძოდ,
• საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისა და ადგილობრივი თუ უცხოური ინვესტორებისთვის სახელმწიფოსგან მათ საქმიანობაში ჩაურევლობის მყარი გარანტიების უზრუნველყოფის მიზნით განვახორციელებთ საინვესტიციო კანონმდებლობის რეფორმას საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით;
• პარტნიორ ქვეყნებთან გავაგრძელებთ ინვესტიციების დაცვის სფეროში ორმხრივი შეთანხმებების გაფორმებას;
• ხელს შევუწყობთ კომერციული დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის, დამოუკიდებელი კერძო კომერციული არბიტრაჟების ამოქმედებას;
• ბიზნესისთვის დამატებითი ტვირთის მოხსნის მიზნით, განვავითარებთ რეგულირების გავლენის შეფასების სისტემას. მისი მიზანი იქნება, როგორც საკანონმდებლო ინიციატივების, ისე არსებული ნორმატიული აქტების ბიზნეს-გარემოზე და ეკონომიკაზე გავლენის შეფასება;
• ვუზრუნველყოფთ კერძო სექტორის და დაინტერესბული მხარეების ფართო ჩართულობასა და მათი ინტერესების გათვალოსწინებას საკანონმდებლო რეფორმების პროცესში;
• დავასრულებთ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სრულ ინვენტარიზაციას და რეგისტრაციას და განვახორციელებთ დღემდე გამოუყენებელი აქტივების ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვას, მისი კერძო საკუთრებაში გადასვლის გზით;
• მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებში, კერძო ინვესტიციების ზრდის სტიმულირებისა და საჯარო სექტორის მიერ ინფრასტრუქტურის სფეროში შეთავაზებული სერვისების მიწოდების გაუმჯობესების მიზნით დაინერგება საჯარო-კერძო პარტნიორობის (Public Private Partnership) სხვადასხვა ფორმა. ეს იქნება პოზიტიური ბიძგი ახალი, მსხვილი საინტერესო პროექტების განხორციელებისათვის უკვე 2014 წლიდან განათლებაში, ჯანდაცვაში, ენერგეტიკაში, ინფრასტრუქტურასა და სხვა სექტორებში.
• ჩამოვაყალიბებთ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს, რომლის ფარგლებშიც 2014-2016 წლებში 140 მილიონი ლარის ოდენობის თანხა დაიხარჯება მცირე და საშუალო, ასევე დამწყები ბიზნესების ხელშეწყობისთვის; ასევე, ხელს შევუწყობთ მთიან რეგიონებში მცირე მეწარმეობის განვითარებას;
• საექსპორტო ბაზრების გაფართოებისა და ქართული წარმოებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის მიზნით გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას ჩვენ სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორებთან სავაჭრო რეჟიმების განვითარების მიმართულებით.
• უპირველეს ყოვლისა საქართველო-ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ (DCFTA) შეთანხმების ხელმოწერისა და შემდგომ ეფექტური იმპლემენტაციის მიზნით:
- განვახორციელებთ როგორც საკანონმდებლო, ასევე ინსტიტუციურ რეფორმებს. აღნიშნული რეფორმები უზრუნველყოფს საქართველოს საჯარო ადმინისტრირების თანამედროვე, ევროპული პრინციპების შესაბამისად განვითარებას, კერძო სექტორის მოდერნიზებასა და გლობალური კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, საქართველოს ბაზარზე მაღალი ხარისხის უვნებელი და უსაფრთხო პროდუქტის განთავსებას.
- მოვახდენთ სამთავრობო სტრუქტურების მიერ განსახორციელებელი რეფორმების ეფექტური კოორდინაციასა და საჭირო ფინანსური და ადამიანური რესურსების, ასევე ევროკავშირის და სხვა დონორების დახმარების მაქსიმალურ მობილიზებას და ეფექტურ გამოყენებას.
- გვექნება რეგულარული დიალოგი კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებთან, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, DCFTA-ის სარგებელსა და ვალდებულებებზე ინფორმირების მიზნით;
- მოვახდენთ ცალკეული სექტორის DCFTA-ის მოთხოვნებთან ადაპტაციის, მათი განვითარების შესაძლებლობების, ასევე, არსებული საექსპორტო ბარიერების და ექსპორტზე ორიენტირებული გადამამუშავებელი მრეწველობის პოტენციალის შესწავლასა და შესაბამისი მხარდაჭერის საჭიროებების იდენტიფიკაციას;
- ხელს შევუწყობთ საქართველოს და ევროკავშირის მეწარმეებს შორის ურთიერთობების დამყარეაბას;
- განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების და პროცესების შესახებ საზოგადოების მეტი ინფორმირების მიზნით, ვუზრუნველყოფთ მედიის მაქსიმალურ ჩართულობასა და ინფორმირებას.
• დასრულდება მუშაობა კონკურენციის კანონპროექტზე, რომლის საფუძველზეც ჩამოყალიბდება თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის დაცვის ლეგალური ბაზა;
• ამასთან, ჩვენი მიზანია მომავალ წელს გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები საქართველო-აშშ-ს შორის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით, და ამისათვის ვუზრუნველყოფთ ვაჭრობასა და ინვესტიციებზე მაღალი დონის დიალოგის ეფექტურ წარმართვას.იგეგმება საერთაშორისოდ აღიარებული ვაჭრობაში დაცვითი ინსტრუმენტების ამოქმედება, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი წარმოების განვითარებას ;
• ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით, ხელს შევუწყობთ საქართველოში საფონდო ბაზრის განვითარებას;
• განვახორციელებთ საპენსიო რეფორმას, რაც გულისხმობს დაგროვებითი საპენსიო სისტემაზე გადასვლას და ხელს შეუწყობს ქვეყანაში დამატებითი კაპიტალის აკუმულირებას;
• შეიქმნება საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო.
სააგენტოს ძირითადი მიზნები იქნება პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა საქართველოში ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარების კუთხით, მათ შორის სტრატეგია "ინოვაციური საქართველოს 2020"-ის ფარგლებში დასახული მიზნების მიღწევიასთვის კონკრეტული მექანიზმების ფორმირება.
• შევიმუშავებთ ტრანსპორტის სფეროს განვითარების სტრატეგიას
აღსანიშნავია, რომ საქართველოს არ გაჩნია ტრანსპორტის სფეროს განვითარების სტრატეგია, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს დარგის შემდგომ განვითარებას. 2014 წელს აზიის განვითარების ბანკის ტეკნიკური დახმარების ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების სამინისტრო გეგმავს სტრატეგიის შემუშავებაზე მუშაობის დაწყებას, რაც ძალზედ მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნის სატრანსპორტოს სისტემის სწორად განვითარების და სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების მიზნით.
• საზღვაო ტრანსპორტში ქართული დროშის იმიჯის გაუმჯობესება, კერძოდ დროშის ამოღება სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების შავი სიიდან იქნება ჩვენი საქმიანობის ერთერთი პრიორიტეტი
საქართველოს დროშა თითქმის დაარსების დღიდან იმყოფება სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ე.წ. შავ სიაში. აღნიშნულის მიზეზს სხვადასხვა ქვეყნების ნავსადგურებში ქართული გემების დაკავების მაღალი პროცენტული მაჩვენებელი წარმოადგენს. პრობლემის გადაჭრის მიზნით გამკაცრდა გემების რეგისტრაციის მარეგულირებელი კანონმდებლობა. აღნიშნულის შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა რეგისტრირებული გემების რაოდენობა. გატარებული რეფორმების შედეგად გაუმჯობესდა ჩვენი დროში იმიჯი, თუმცა გასატარებელია რიგი ღონისძიებებისა რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს ახალი თანამდროვე ტიპის გემების მოზიდვას და ქართული დროშის ამოღებას ზემოხსენებული შავი სიიდან.
• სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოებისა და უშიშროების სტანდარტების ამაღლების მიზნით გაგრძელდება ევროკავშირთან ერთიანი საჰაერო ცის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
აღნიშნული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით დაგემილია ცვლილებების შეტანა საჰაერო კოდექსში და სხვა შესაბამის ნორმატიულ აქტებში, რაც განაპირობებს ფრენის უსაფრთხოების ხარისხის ამაღლებას , ევროსტანდარტებთან დაახლოებას და მგზავრთნაკადის ზრდას.
• მუშაობა გაგრძელდება ახალი ავიაკომპანიების და მოზიდვისა და ახალი მიმართულებების განვითარების კუთხით
არსებული ლიბერალური პოლიტიკა საშუალებას გვძლევს მოვიზიდოთ ახალი, განსაკუთრებით დაბალტარიფიანი ავიაკომპანიები და განვავითაროთ ახალი მიმართულებები. აღნიშნული მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი საავიაციო სერვისების მიღების და ქართულ ავიაბაზარზე კონკურენციის განვითარების მიზნით.
• იგეგმება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობაში გადაცემის დაშვება - ცვლილება მიზნად ისახავს სახელმწიფოს, როგორც მესაკუთრის უფლებამოსილების გაფართოებას. ამჟამად, სახელმწიფო თავის საკუთრებაში შეზღუდულია დაუსაბუთებლად. მას არ აქვს უფლება, დაინტერესებულ პირს სარგებლობაში გადასცეს პრივატიზებას დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. კანონმდებლობით ასეთი შეზღუდვა არ მოქმედებს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიმართ. აღნიშნული ცვლილების ძალით ეს აკრძალვა გაუქმდება;
• გაგრძელდება რეფორმები ყველა იმ მიმართულებით, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს, როგორც კონკურენტუნარიანი ეკონომიკური სისტემის მქონე ქვეყნის განვითარებას.