2013 წელს სახელმწიფო ქონების განკარგვისა და ინვესტიციების ხელშეწყობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა, აღნიშნულის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ 2013 წელს გატარებული ცვლილებების მიხედვით, დასაშვები გახდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობის უფლებით გადაცემა.
„ცვლილებებამდე არსებული საკანონმდებლო რეგულაციით აკრძალული იყო სახნავი / სათიბი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სარგებლობაში გადაცემა. განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, სახელმწიფო ქონების რაციონალური გამოყენების ხელშესაწყობად, კანონით დაშვებული გახდა ასეთი სახის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სარგებლობაში გადაცემა. სარგებლობაში გადაცემის მაქსიმალური ვადაა 49 წელი"- აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
კვირიკაშვილის განმარტებით, ასევე საინვესტიციო პროექტების განახლების მიზნით განხორციელდა სახელშეკრულებო პირობების ცვლილების საკანონმდებლო რეგულაცია (2012 წლის 31 დეკემბრამდე ჩატარებული აუქციონის პირობის გამოსყიდვა (გაუქმება)/შეცვლა);
ასევე აღსანიშნავია ე.წ. „ამნისტიის აქტიც", რაც გულისხმობს, რომ განხორციელებული ცვლილებით სახელმწიფო ქონების განკარგვისა და სარგებლობაში გადაცემის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებების მხარეებს - ათასობით ფიზიკურ და იურიდიულ პირს ეპატია ინფორმაციის წარდგენის ვადის დარღვევისათვის 2014 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დასაკისრებელი გადასახდელი პირგასამტეხლო.
„შეეხება გატარებულ ღონისძიებებსა და მიღწეულ შედეგებს: პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის დადგენილების საფუძველზე საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისა და ინვესტორების ხელშეწყობის მიზნით, შეიქმნა „სახელმწიფო ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელ კომისია", რომელმაც განიხილა 50-ზე მეტ საინვესტიციო პროექტთან დაკავშირებული საკითხები, რის შედეგადაც განახლდა 360 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ოდენობის საინვესტიციო პროექტები და ინვესტორებს ეპატია 16 მილიონ აშშ დოლარსა და 6.5 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის პირგასამტეხლო, რამაც შესაძლებლობა მისცა ბიზნესს პირგასამტეხლოს თანხები უშუალოდ საინვესტიციო პროექტების სამომავლო განვითარებას მოახმარონ.
არაერთხელ გაჟღერებულა, რომ წლების მანძილზე სახელმწიფო ქონების გარკვეული ნაწილი იყო აღურიცხავი და შესაბამისად, არ მოიპოვებოდა ზუსტი და სრული ინფორმაცია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების თაობაზე. სააგენტომ 2013 წლის გაზაფხულზე დაიწყო სახელმწიფო ქონების ინვენტარიზაცია. თბილისის მასშტაბით უკვე აღწერილ 9 უბანში აღმოჩენილია სახელმწიფო საკუთრებად დასარეგისტრირებელი 600-ზე მეტი ობიექტი, რაც დაახლოებით შეადგენს 5 000 000 (ხუთი მილიონი) კვ.მ მიწის ნაკვეთს, მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით. ინვენტარიზაციის პროექტი გრძელდება და მოიცავს საქართველოს მთელ ტერიტორიას"- განაცხადა კვირიკაშვილმა.
ამას გარდა, 2008 წლიდან დღემდე კანონმდებლობის ხარვეზის გამო შეუძლებელი იყო სარდაფებისა და ნახევარსარდაფების კერძო საკუთრებად რეგისტრაცია. მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად, ეს პრობლემა მოგვარდა და დღეს, ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, სულ მცირე 600 მოქალაქეს შესაძლებლობა მიეცა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში კერძო საკუთრების უფლებით დაირეგისტრირონ სარდაფები და ნახევარსარდაფები.
„დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების პროექტის ფარგლებში გატარებული ღონისძიებები, კერძოდ, იძულებით გადაადგილებულ პირთათვის გამოიყო 81 ობიექტი. 1500-ზე მეტ იძულებით გადაადგილებულ ოჯახს კერძო საკუთრების უფლებით გადაეცა 100 000 კვ.მ-მდე საცხოვრებელი ფართი.
განხორციელდა სააგენტოს მართვაში რიცხული ლიკვიდური გადახდისუუნარო და მომგებიანი საწარმოების კლასიფიკაცია მისი ქონებრივი და ფინანსური მდგომარეობის მიხედვით. არალიკვიდურ საწარმოებში დაიგეგმა რესტრუქტურიზაციის განხორციელება"- აღნიშნა მინისტრმა.