2013 წელი ქართული ეკონომიკისთვის საეტაპო იყო, აღნიშნულის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა. მინისტრის თქმით, ეს იყო გარდამავალი პერიოდი, როცა მთავრობამ უზრუნველყო ქართული ეკონომიკის და ბიზნესის პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლება და შექმნა გარემო, სადაც მეწარმეს საშუალება აქვს თავად განსაზღვროს საკუთარი ბიზნესის განვითარების პრიორიტეტები და დაცულია მათი კერძო საკუთრების უფლებები.
„გარდამავალი პერიოდი არის ყოველთვის რთული, განსაკუთრებით ბიზნესისთვის და შესაბამისად, ეკონომიკისთვის. მითუმეტეს მაშინ, როდესაც ამ პროცესს თან ახლავს დაძაბული პოლიტიკური სიტუაცია ქვეყანაში. შესაბამისად, მართლაც წლის პირველი ნახევარი საკმაოდ მძიმე იყო ქართული ეკონომიკისთვის. თუმცა, მიუხედავად იმისა რომ პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან ლამის აპოკალიპტური სურათიც კი იხატებოდა, წლის მეორე ნახევარში, ადგილობრივმა თუ უცხოურმა ბიზნესმა რეალურად დაინახა ახალი შესაძლებლობები რასაც მათ ჩვენი მთავრობა სთავაზობდა"- აღნიშნა კვირიკაშვილმა.
მინისტრის თქმით, გაწეული მუშაობის შედეგად, სახეზეა ძალიან კონკრეტული, ციფრებში გამოხატული ეკონომიკური სიტუაციის გაჯანსაღება.
„კერძო სექტორში საწარმოთა ბრუნვა მე-3 კვარტალში, მე-2 კვარტალთან შედარებით გაიზარდა 8,4%-ით, ხოლო პირველ კვარტალთან შედარებით 24%-ით. მნიშვნელოვანია, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის ბრუნვა პირველ კვარტალთან შედარებით მე-3 კვარტალში გაიზარდა 24%-ით. 9 თვის მონაცემებით კერძო სექტორში საწარმოთა ბრუნვამ შეაგინა 30 მილიარდი ლარი.
ასევე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2013 წლის მე-3 კვარტალში, გაზრდილია პირველ და მეორე კვარტალთან შედარებით, ხოლო მნიშვნელოვნად - 20%-ით აღემატება 2012 წლის ანალოგიურ მონაცემს.
მინდა ავღნიშნო ასევე, რომ საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2013 წლის 11 თვის მონაცემებით 4% პროცენტით გადააჭარბა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ამასთან, განსაკუთრებულად აღსანიშნავია, რომ პროდუქციის ექსპორტი გაიზარდა 20%-ით და 2,6 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც რეკორდული მაჩვენებელია საქართველოს ექსპორტისთვის. უარყოფითი სავაჭრო სალდო წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით შემცირდა 549 მილიონი აშშ დოლარით. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირში საქართველოს ექსპორტი 11 თვის მონაცემებით გაიზარდა 65%-ით და 540 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
თითქმის სამჯერ გაიზარდა ექსპორტი რუსეთში და 161 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
ამასთან, 2013 წლის 6 თვის მონაცემებით მომსახურების ექსპორტი გაიზარდა 19,3% და შეადგინა 1,3 მილიარდი აშშ დოლარი, მათ შორის აღსანიშნავია ტურიზმის სფერო, რომლის ექსპორტიც გაიზარდა 30%-ით"- განაცხადა კვირიკაშვილმა.
როგორც მინისტრმა განმარტა, მიუხედავად იმისა, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი შემცირდა 9 თვის მონაცემებით, ჩვენ ველოდებით ზრდას მე-4 კვარტალში, და წლის შედეგების მიხედვით ეკონომიკის წინა წელთან შედარებით ზრდას 2,5%-ით.