საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე მიიჩნევს რომ ვითარების საბოლოო გარკვევამდე მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეს. როგორც საკითხის კომენტირების ბაქრაძემ განმარტა ადამიანს, რომელსაც ბრალი ყაჩაღობაში ედება არ შეიძლება მთავარი პროკურორის თანამდებობა ეკავოს.
,, მთავარ პროკურორთან დაკავშირებით ისედაც არსებობდა ბევრი სერიოზული კითხვა. კითხვები რომელიც უკავშირდებოდა ვანო მერაბიშვილის ციხიდან უკანონოდ გაყვანას, ნატოს წარმომადგენლების ვიზიტის დროს უკანონოდ 25 ადამიანის დაკავებას, შემდეგ გათავისუფლებას, შემდეგ კვლავ დაკავებას, მაგრამ ის რაც გუშინ მოვისმინეთ ყოველგვარ ფარგლებს სცილდება. ყაჩაღობა და ქურდობა მძიმე დანაშაულის კატეგორიას მიეკუთვნება, ეს არ არის შემთხვევითი დანაშაული რომელიც შეიძლება ადამიანს მოუვიდეს, მაგალითად, ავტოავარია. ეს არის მძიმე დანაშაული, რომლის ჩამდენსაც არანაირი პოლიტიკური, სამართლებრივი, გნებავთ მორალური უფლება არ აქვს იყოს მთავარი პროკურორის პოსტზე. ამიტომ იმედი მაქვს, მთავრობა ამ საკიღხს სახელმწიფოებრივად შეხედავს და ველოდები, რომ ბატონ ფარცხალაძეს ამ ფაქტის საბოლოო დაზუსტებამდე შეუჩერდება უფლებამოსილება", _განაცხადა ბაქრაძემ.