,,ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით ამბავი შეთხზულს ჰგავს", _განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ მთავარი პროკურორის მიმართ გაჟღერებული ბრალდების საპასუხოდ.
,, რამდენიმე ფაქტმა მიიპყრო ჩემი ყურადღება, რომელიც არადამაჯერებლად მომეჩვენა, პირველი არის ის, რომ იქ მოცემულია საქმის ნომერი, ხოლო მე გერმანიაში დიდი ხნის მუშაობის გამოცდილებიდან შემიძლია გითხრათ, რომ პერსონალური მონაცემების მოპოვება ძალიან რთულია. ვერ წარმომიდგენია, რომელიმე ქვეყნის სასამართლოს ჰქონდეს უფლება, სხვა ქვეყნის მოქალაქეს აუკრძალოს არჩევნებში მონაწილეობა და თანამდებობის დაკავება თანაც ასეთი ხანგრძლივი ვადით. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ მთელი ეს ამბავი შეთხზულს ჰგავს", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავას ინფორმაციით, მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე გერმანიაში გასამართლებულია ყაჩაღობისთვის.
როგორც უგულავამ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს მთავრობამ, მანამ, სანამ საზოგადოება მიიღებს სრულ პასუხს ამ საქმესთან დაკავშირებით, ოთარ ფარცხალაძე თანამდებობას უნდა ჩამოაშოროს.
"საქართველოს მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე გასამართლებულია აუგსბურგის რაიონული სასამართლოს მიერ გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 249-ე და 252-ე მუხლებით ყაჩაღური ქურდობისთვის. ოთარ ფარცხალაძეს მიესაჯა ძირითადი სასჯელი პატიმრობა 1 წელი და 3 თვე აუგსბურგის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა პასიური საარჩევნო უფლებისა და გარკვეული თანამდებობის უფლების ჩამორთმევა. დამატებითი სასჯელი ძალაშია 2016 წლის 22 აგვისტომდე. განაჩენი კანონიერ ძალაში 2001 წლის 14 მარტს შევიდა. მე მოვითხოვ საქართველოს მთავრობისგან, დაუყოვნებლივ რეაგირებას, რომ მოხდეს თანამდებობიდან ჩამოშორება ოთარ ფარცხალაძის, ვიდრე საზოგადოება სრულად მიიღებს პასუხს ამ სისხლის სამართლის დანაშაულთან დაკავშირებით, რომელ საქმეშიც მსჯავრდებულია გერმანიაში საქართველოს დღევანდელი მოქმედი მთავარი პროკურორი", - განაცხადა უგულავამ.
მისივე თქმით, იმედი აქვს, რომ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ამ საქმეს გერმანიიდან გამოითხოვს".