რადიკალური ოპოზიცია საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დიალოგთან დაკავშირებით შემოთავაზებულ წინადადებებს არაადექვატურს უწოდებს და აცხადებს, რომ დიალოგისთვის მზაობის იმიტაციით ხელისუფლება საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის შეცდომაში შეყვანას და რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანას ცდილობს.
მმართველი გუნდის მიერ შეთავაზებულ დიალოგის მაგიდასთან დასხდომაზე უარს "ალიანსი საქართველოსთვის", "რესპუბლიკური პარტია", "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო", "საქართველოს გზა", "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის", "კონსერვატიული პარტია" და "ხალხის პარტია" ამობებენ.
"ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული წინადადებები არაადექვატურია, მით უფრო, რომ ქვეყანა იმყოფება უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისში და საზოგადოების მხრიდან ხელისუფლებისადმი უნდობლობამ პიკს მიაღწია", - ნათქვამია აღნიშნული პარტიების ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც შვიდივე პოლიტიკური ძალის ლიდერი აწერს ხელს.
ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ სახალხო პლებისციტის შედეგებმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს მოქალაქეების მტკიცე ნება ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, ხოლო ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ წინადადებებს საზოგადოება პასუხს 9 აპრილს გასცემს.
"შექმნილ ვითარებაში, დიალოგის ერთადერთ საკითხად კვლავინდებურად ხელისუფლების მშვიდობიანი, კონსტიტუციური გზით შეცვლა გვესახება და ამ საკითხზე საჯაროდ საუბრისთვის მზად ვართ მხოლოდ პირადად მიხეილ სააკაშვილთან", - ნათქვამია რადიკალური ოპოზიციური სპექტრის ერთობლივ განცხადებაში.