საქართველოში 5 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა, რაც 23 %-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს, - აცხადებს ქვეყნის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც ასევე განმარტავს, რომ მთავრობის მხრიდან დიდი ყურადღება ეთმობა ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და არსებული ინფრასტრუქტურის დივერსიფიცირებას.
მინისტრს იმედი აქვს, რომ 2014 წლისთვის ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა საშუალოდ 18 %-ით გაიზრდება, ხოლო ტურიზმში დასაქმებულთა რაოდენობა კი - 21 %-ით. ტურიზმიდან შემოსული შემოსავალი კი გაუტოლდება 2,1 მლრდ აშშ დოლარს.
„მსოფლიოს ტურისტული პოტენციალის მქონე ქვეყნები აცნობიერებენ რა ტურიზმის მნიშვნელობას ეკონომიკისთვის ამ სფეროს წასახალისებლად შესაბამის ღონისძიებებს ატარებენ. ამ მხრივ საქართველოში ბოლო წლებში საერთაშორისო მოგზაურების ზრდის მაღალი ტენდენცია ფიქსირდება. მსურს ავღნიშნო, რომ 2013 წელი მეტად წარმატებული იყო ტურიზმის სექტორისათვის. ამჟამინდელი მონაცემებით, საქართველოში 5 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა, რაც 23 %0ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.
2013 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით ტურიზმის წილი მშპ-ში 7,3 %-ს შეადგენს, ხოლო შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან 730 მლნ დოლარს უტოლდება. ტურიზმის სექტორში 180 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული"- განაცხადა კვირიკაშვილმა.