საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწემ ეროვნული უშიშროების საკითხებში, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ელიტა გაველესთან შეხვედრა გამართა.
ელჩმა ირინე იმერლიშვილს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად დანიშვნა მიულოცა და ორ ქვეყანას შორის მრავალმხრივი კავშირების გაფართოების სურვილი გამოთქვა. ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების სანიმუშოდ ჩატარების მნიშვნელობა.
„დემოკრატიულად ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია ქართული დემოკრატიისთვის და ქვეყნის სტაბილური და ნორმალური განვითარებისთვის", განაცხადა ელიტა გაველემ.
როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" უშიშროების საბჭოდან აცნობეს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა ლატვიის ელჩს საქართველოს მიმართ გამოჩენილი თანადგომისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და გამოთქვა მზადყოფნა ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე.
შეხვედრაზე მხარეებმა, ასევე, ანტიდისკრიმინაციული ნორმების სისტემატიზაციასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს და ინფორმაცია გაცვალეს საქართველოს პარლამენტში განხილვის პროცესში მყოფი კანონის პროექტის „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის" შესახებ.
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა ელჩს ინფორმაცია მიაწოდა უშიშროების საბჭოს აპარატის მომავალი მუშაობის და სამომავლო ხედვის შესახებაც.