საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენერალურ მდივანს ვიქტორ ტვირჩუნს შეხვდა.
როგორც შეხვედრაზე ქართულმა მხარემ აღნიშნა, ჩვენი ქვეყანა მზადაა მხარი დაუჭიროს ყველა იმ მნიშვნელოვან რეგიონალურ ინიციატივას, რომელიც წვლილს შეიტანს შავი ზღვის რეგიონის განვითარებაში.
შეხვედრაზე განიხილეს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოთა შორის ძლიერი სატრანსპორტო და ენერგეტიკული კავშირების დამყარების საკითხი. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია შედეგზე ორიენტირებული საქმიანობის გაძლიერება ერთობლივი პროექტების გზით, რაც წარმოადგენს ყველა წევრი სახელმწიფოს წამყვან ინტერესს BSEC-ის ორგანიზაციის ეფექტურობის ზრდის მიმართულებით.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტთან ერთად განიხილეს BSEC-ისა და საქართველოს, როგორც ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრის ურთიერთობისა და ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოთა თანამშრომლობის საკითხები.
„საქართველო წარმოადგენს ორგანიზაციის ერთ-ერთ დამფუძნებელ წევრს. ჩვენ განვიხილეთ მიმდინარე საკითხები და მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ გვაქვს საერთო ხედვა არსებული და მომავალი თანამშრომლობის მიმართულებით," - განაცხადა ვიქტორ ტვირჩუნმა.
მასალის გამოყენების პირობები