,,ჩვენი შემდგომი მიზანი ტრანსკასპიური მიმართულებით წინსვლის მიღწევასა და კასპიის ზღვის რეგიონის ქვეყნებთან მოლაპარაკებების გაღრმავება იქნება", _ამის შესახებ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შაჰ-დენიზის პროექტის მეორე ეტაპის განხორციელებაში ინვესტირების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისადმი მიძღვნილი ცერემონიაზე განაცხადა.
ღარიბაშვილის განმარტებით, მისთვის დიდი პატივია აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა.
,,ჩემთვის საპატიოა ესოდენ მნიშვნელოვან მოვლენაში მონაწილეობა, რომლის ფარგლებშიც გაცხადდება საბოლოო გადაწყვეტილება შაჰ-დენიზის პროექტის მეორე ეტაპის განხორციელებაში ინვესტირების შესახებ. მადლობას მოვახსენებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას თბილი მიღებისა და ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების წარმატებით ჩატარებისათვის, რომლის მიზანიცაა მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა ჩვენთვის საერთო მისწრაფებებისაკენ ენერგოუსაფრთხოებისა და თანამშრომლობის თვალსაზრისით.ნახშირწყალბადის მარაგის მოცულობის წყალობით, აზერბაიჯანი მნიშვნელოვანი ქვეყანა, რომელიც პასუხობს ჩვენი რეგიონისა და ევროკავშირის ქვეყნების ენერგოუსაფართხოებასთან დაკავშირებულ საჭიროებებს. ამავე დროს, საქართველოს ადგილმდებარეობა აქცევს ამ ქვეყანას სატრანსპორტო ცენტრად/კვანძად სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რომელიც უზრუნველყოფს კავშირს თურქეთთან, ევროპასა და კასპიის რეგიონს შორის უმოკლესი მარშრუტით.დარწმუნებული ვარ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია ენერგეტიკის სფეროში ჩვენი გრძელვადიანი და მრავალმხრივი თანამშრომლობისა. შემდგომი ნაბიჯები გამიზნული იქნება ტრანსკასპიური მიმართულებით წინსვლის მიღწევასა და კასპიის ზღვის რეგიონის სხვა ქვეყნებთან მოლაპარაკებების გაღრმავებაზე", _განაცხადა ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილის განცხადებით, სამხრეთის დერეფანში დაგეგმილი ფართომასშტაბიანი სატრანსპორტო პროექტების წარმატების უზრუნველყოფის ერთადერთი გზაა მომხმარებელი, სატრანზიტო და მწარმოებელი ქვეყნების ინტერესთა დაბალანსება.
,,უკანასკნელი მოვლენები და რეგიონში ამ ბოლო 20 წლის განმავლობაში შეძენილი გამოცდილება ცხადყოფს, რამდენად მნიშვნელოვანია აუცილებელი პირობების შექმნა ეფექტიანი თანამშრომლობისათვის, ასევე სატრანსპორტო მარშრუტების, წყაროებისა და მიმწოდებლების დივერსიფიკაციისათვის. სამხრეთის დერეფანში დაგეგმილი ფართომასშტაბიანი სატრანსპორტო პროექტების წარმატების უზრუნველყოფის ერთადერთი გზაა მომხმარებელი, სატრანზიტო და მწარმოებელი ქვეყნების ინტერესთა დაბალანსება. ისეთი პროექტების განხოციელება, როგორიცაა შაჰ-დენიზის მეორე ეტაპი, რომლის ინვესტიციების ოდენობა 6 სხვადასხვა ქვეყანაში დაახლოებით 40 მილიარდ დოლარს შეადგენს, მართლაც მოუტანს ამ სახელმწიფოებს სტაბილურობას, ეკონომიკურ ზრდასა და კეთილდღეობას, აგრეთვე ხელს შეუწყობს რეგიონალური ბაზრის განვითარებას და მოქნილობისა და ენერგოუსაფრთხოების დონის ამაღლებას", _განაცხადა ღარიბაშვილმა.