რუსი პოლიტოლოგი, უახლესი სახელმწიფოების საერთაშორისო ინსტიტუტის დირექტორი, წიგნის _ "სამხრეთ ოსეთი შეიარაღებული აგრესია და მშვიდობისმყოფელური ომის" თანაავტორი ალექსეი მარტინოვი აცხადებს, რომ უახლოეს წარსულში მსოფლიო რუკაზე რამოდენიმე ახალი სახელმწიფო წარმოიქმნა, ესენია: სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი, დნესტრისპირეთი, მთიანი ყარაბაღი და კოსოვო.
"სახელმწიფოები წარმოიქმნა არა მხოლოდ ევროპაში, არამედ აფრიკაშიც. რაც შეეხება სამხრეთ ოსეთს, მართალია, რუსეთი მას მხარში უდგას, მაგრამ ყველაფერში როდი შეძლებს მის დახმარებას. ოსებმა თავად უნდა ააშენონ დემოკრატიული სახელმწიფო. 31 მაისს მათ დამოუკიდებლი სამხრეთ ოსეთში პირველი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩაატარონ", _ აცხადებს მარტინოვი და დასძენს, რომ სეპარატისტებს არჩევნების ჩატარებაში რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია აუცილებლად დაეხმარება.
მისი თქმით, ამჟამად სამხრეთ ოსეთში ოთხი მსხვილი პოლიტიკური პარტიაა, ესენია: "ედინსტვო", "კომუნისტური პარტია", "სახალხო პარტია" და პარტია "ფიდიბასტა" (მამული).
"ფაქტობრივად, ამ პარტების სახით თავმოყრილია ყველა პოლიტიკური შეხედულების სპექტრი, მაგრამ მთავარ კითხვაზე _ ვისთან ერთად უნდა იაროს სამხრეთ ოსეთმა? _ მათ ყველას ერთი პასუხი აქვს _ რუსეთთან", _ აცხადებს პოლიტოლოგი და საუბარს ე. წ. სამხრეთ ოსეთის ფარგლებს გარეთ არსებულ ედუარდ კოკოითის მძლავრ ოპოზიციაზე აგრძელებს, რომლსაც სათავეში ე. წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანმი ანატოლი ბარანკევიჩი, ე. წ. მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე იური მოროზოვი და მოსკოველი ოსური წარმოშობის ბიზნესმენი ალბერტ ჯუსოევი უდგანან.
"რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არც ერთი ამ ადამიანთაგანი არ არის სამხრეთ ოსეთის პარლამენტის წევრობის კანდიდატი. ეს არის პასუხი. სამხრეთ ოსეთსი მოქმედ პოლიტიკურ პარტიებს არ სურთ თავის რიგებში ამ ადამიანების დანახვა. ეს პერსონები სამხრეთ ოსეთის საზოგადოებაში მხარდაჭერით არ სარგებლობენ", _ აცხადებს ალექსეი მარტინოვი და დასძენს, რომ ბარანკევიჩსა და მოროზოვს იგი პირადად იცნობს. ბარანკევიჩი, მისი თქმით, კარგი სამხედრო და მებრძოლი გენერალია, რომელმაც, როგორც ყველა სამხედრომ, არ იცის რა უნდა აკეთოს მშვიდობიან დროს. ამიტომაც რუსი პოლიტოლოგის თქმით, მისი გამონათქვამები უკვე სამხრეთ ოსეთის მთავრობისადმი წვრილ შურისძიებას ჰგავს და სხვა არაფერს.
"აღსანიშმავია, რომ განაწყენებული ბარანკევიჩი ჯუსოევმა "იპოვა". რაც შეეხება იური მოროზოვს, მას სამხრეთ ოსეთში ხელსაც კი არავინ ართმევს და ყველა დეზერტირად მიიჩნევს", _ აცხადებს პოლიტოლოგი და აღნიშნავს, რაც შეეხება ედუარდ კოკოითის, ეს უკვე სულ სხვა თემაა.
"კოკოითის მთავარი დამსახურება ოსი ხალხის წინაშე არის ის, რომ მან რესპუბლიკა დამოუკიდებლობამდე მიიყვანა. კოკოითი ისტორიაში შევა, როგორც დამოუკიდებლეი სამხრეთ ოსეთის პირველი პრეზიდენტი, მეტიც, იგი უკვე ისტორიაშია, ამიტომაც ოსი ხალხი მასთან იყო და ყოველთვის მასთან იქნება. უცილობლად, კოკოითი სამხრეთ ოსეთის ლიდერია და იგი ახერხებს სამხრეთ ოსეთში არსებული სიტუაციის გაკონტროლებას _ დღეს ეს არის მთავარი", _ აცხადებს მარტინოვი.