საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საპარლამენტო უმცირესობასთან კონსულტაციებს გამართავს. აღნიშნულის მიზეზი საქართველოს პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის" წევრების მიერ გამოცხადებული ბოიკოტია, რომელიც ოთხშაბათს პარლამენტში მომხდარ ინცინდენტს მოჰყვა.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მან მიიღო უმცირესობის მიმართვა, სადაც ისინი პარლამენტის თავმჯდომარისგან მომხდართან დაკავშირებით რეაგირებას ითხოვდნენ.
"მე მინდა სრულიად მკაფიოდ და სრულიან ნათლად განვაცხადო, რომ რეაგირება, რაც ამ ფაქტთან დაკავშირებით შესაძლებელი იყო, მე გავაკეთე, მე მივეცი შეფასება ამ ინციდენტს მთლიანად, მე მივეცი შეფასება პრაქტიკულად მის ცალკეულ ეპიზოდებს. პარლამენტის თავმჯდომარემ მიიღო ყველა შესაბამისი ზომა, როცა ამის საჭიროება დადგა", - განაცხადა უსუფაშვილმა.
უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ კანონი კანონია ქუჩაშიც და პარლამენტის შენობაშიც.
"მე ან სხვას თუ შეგვექმნება განცდა, რომ კანონი დაირღვა, ეს უკვე სამართალდამცველების საქმეა. პარლამენტის წევრები ვიცით, რომ პასუხისმგებლობისგან თავისუფლები არ ვართ, თუ კანონი დავარღვიეთ. მიუხედავად იმისა, რომ კოლეგები ამ წუთებში კმაყოფილები არ არიან ჩემი რეაგირებით, მე მექნება მათთან კიდევ საუბარი, ყველასთან და ვისურვებ, რომ პარლამენტი მალე სრულფასოვნად შეუდგეს მუშაობას", - განაცხადა უსუფაშვილმა.