12 დეკემბერს, ბრიუსელში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩიუსმა ხელი მოაწერეს ოქმს ევროკავშირის პროგრამებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ, რაც ევროკავშირთან შემდგომი დაახლოების გზაზე კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს.
"მსგავსი რაოდენობით პროგრამები ჯერ არასდროს შეგვითავაზებია ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში მონაწილე ქვეყნებისთვის. ეს მართლაც პირველად ხდება. ჩვენ საქართველოს შევთავაზეთ მთელი რიგი პროგრამები ისეთ სფეროებში, როგორიცაა ჯანდაცვა, თანამშრომლობა სამეცნიერო-კვლევით სფეროში, კულტურა, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მხარდაჭერა", - განაცხადა ლინას ლინკევიჩიუსმა.
ლიტვის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ვილნიუსის სამიტისა და ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებიდან სულ რაღაც რამდენიმე კვირის შემდეგ, ევროკავშირსა და საქართველოს თანამშრომლობის კიდევ ერთი შესაძლებლობა ეძლევათ.
"დღეს ხელი მოვაწერეთ ოქმს, რომლის მიხედვითაც საქართველოს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ევროკავშირის შიდა პროგრამებში, სადაც ამის შესაძლებლობას საკანონმდებლო ჩარჩო იძლევა. ჩვენ ვთავაზობთ საქართველოს პროგრამებს, რომლებიც ევროკავშირის შიდა ინსტრუმენტებს წარმოადგენს და რომლებიც ხელს უწყობს ურთიერთგაგების განმტკიცებასა და ევროკავშირის დონეზე მონაწილეობის პოლიტიკის განხორციელებას. მტკიცედ მწამს, რომ ევროკავშირის პროგრამებში საქართველოს მონაწილეობა ხელს შეუწყობს გამოცდილების გაცვლას, საუკეთესო პრაქტიკის დამკვიდრებას, საკანონმდებლო ჰარმონიზაციასა და რეფორმების განხორციელებას", - განაცხადა ლინკევიჩიუსმა.
თავის მხრივ, მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ ეს არის 2013 წლის განმავლობაში განხორციელებული ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგი და რომ ევროკავშირთან დაახლოების თვალსაზრისით, ეს არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის დარგობრივ თანამშრომლობასა და სხვადასხვა დარგებში ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას.
"მინდა მივულოცო ევროკავშირსა და საქართველოს ამ ოქმის ხელმოწერა, რომლითაც განისაზღვრა ევროკავშირის პროგრამებში საქართველოს მონაწილეობის ძირითადი პრინციპები. საქართველოში მიმდინარე ინტესნიური რეფორმების პროცესის ფონზე, ევროკავშირის პროგრამებში მონაწილეობა ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობას განახორციელოს რეფორმები სოციალურ და ეკონომიკურ დარგებში. ჩვენ ევროკავშირის დახმარებისა და მხარდაჭერის დიდი იმედი გვაქვს, იმისათის რომ ხელი შევუწყოთ ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობას.
ევროკავშირის პროგრამებში მონაწილეობა საქართველოს სთავაზობს სხვადასხვა დარგში თანამშრომლობის გაღრმავების ახალ შესაძლებლობებს ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებისა და საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გაზიარების გზით.