,,მაინცდამაინც მოსაწონი არ არის უმრავლესობის მხრიდან, უმცირესობას აძლევ საბაბს, ბიუჯეტის განხილვის დროს დატოვოს დარბაზი", _განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან ბოიკოტის გამოცხადების კომენტირებისას.
მისივე განმარტებით, საკანონმდებლო ორგანოში მომხდარ ინციდენტს ექნება სრული, სამართლიანი და ობიექტური რეაგირება.
,,დღეს არ არის ჩვეულებრივი და ორდინალური პარლამენტის სხდომა. დღეს არის პარლამენტის სხდომა, რომელზეც ხდება უმთავრესი საკითხის განხილვა, რომლისთვისაც არსებობენ პარლამენტები და საერთოდ მოგონილია სახელმწიფო ცხოვრება - ბიუჯეტი გვაქვს განსახილველი, ჩამოსულია ფინანსთა მინისტრი. ყველას შეგახსენებთ, ჩვენი ამოცანა არ არის "ნაციონალურ მოძრაობასთან" გამკლავება და მათთან სიტყვა-პასუხში შეჯიბრება. ჩვენი ამოცანაა- ქვეყნის მართვა და წინ წაყვანა. ამისთვის საჭიროა იმ საქმის კეთება, რაც პარლამენტშია გასაკეთებელი - გადაწყვეტილებების მიღება, კანონების მიღება, ბიუჯეტის მიღება და ა.შ. ამიტომ ვაგრძელებთ მუშაობას. არ არის ჩვეულებრივი რიტმი, მაგრამ უნდა შევძლოთ მუშაობა", - განაცხადა უსუფაშვილმა.