გამოვიყენებთ ყველა საერთაშორისო ბერკეტს ქვეყნის საბოლოო დეოკუპაცისათვის, - განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლემენტში სიტყვით გამოსვლისას.
"ჩვენს პოლიტიკურ გუნდს უმძიმესი მემკვიდრეობა ერგო - 2008 წელს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთის მიერ იქნა ოკუპირებული.
ჩვენი მთავრობა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისა და მეგობარი ქვეყნების ხელშეწყობით, გააგრძელებს ძალისხმევას ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით ეფექტიანი არაღიარების პოლიტიკის გატარებისათვის და გამოიყენებს ყველა საერთაშორისო ბერკეტს ქვეყნის საბოლოო დეოკუპაცისათვის. რუსეთ-საქართველოს შორის არსებული კონფლიქტის მოგვარების მიზნით, საქართველოს მთავრობა გააგრძელებს კონსტრუქციულ მონაწილეობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში. ამასთანავე, საქართველო შეეცდება რუსეთთან არსებული კრიზისის ეტაპობრივ დაძლევას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის გზით. შენარჩუნებული იქნება ქართულ-რუსული ორმხრივი დიალოგის ფორმატი, რამაც, შეძლებისდაგვარდ, ხელი უნდა შეუწყოს სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული ურთიერთობების განვითარებას და არსებული პრობლემების ეტაპობრივად მოგვარებას", - განაცხადა ღარიბაშვილმა.