„აჭარის შავი ზღვის სანაპირო ზოლში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი უხსოვარი დროიდან თევზჭერითაა დაკავებული. აქ თევზჭერას მხოლოდ ეკონომიური კი არა, სოციალური დატვირთვაც აქვს - მეთევზეები ადგილობრივ ბაზარს ახალი თევზით უზრუნველყოფენ, თუმცა, ახალს ვინ ჩივის, აჭარლებს მალე შეიძლება, გაყინული თევზიც სანატრელი გაგვიხდეს", - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენ"-ს უფლებადამცველმა მერაბ ბლადაძემ.
მისივე თქმით, სააკაშვილის რეჟიმის მიერ თევზის მოპოვებისათვის ზღვის აკვატორიის თურქებისთვის მიყიდვას კატასტროფული შედეგი მოჰყვება. „მეთევზეები და ეკოლოგები უკვე განგაშის ზარს რეკენ, რადგან თურქული სეინერები ზღვის ფსკერის ფლორასა და ფაუნას ანადგურებენ. თურქული სეინერები აღჭურვილნი არიან უახლესი ტექნიკით, რითიც რამდენიმე კილომეტრის რადიუსში შეუძლიათ აღმოაჩინონ თევზის ქარავანი და დაიჭირონ. ასევე, არ ხდება სათანადო კონტროლი, თუ რა რაოდენობის თევზჭერა ხდება საქართველოში. რამდენიმე დღის წინ, ციხისძირის მიმდებარე ტერიტორიაზე თურქეთის გემმა 80 ტონა შავი ზღვის „შავთვალა" კეფალი დაიჭირა, რომელსაც ზემოდან „ხამსა" დააყარა და ამ გზით უნიკალური, ძვირადღირებული თევზი თურქეთში ყველაზე იაფფასიანი თევზის ფასად გაიტანა", - ამბობს ბლადაძე.
ბლადაძის ინფორმაციითვე, თურქულმა თევზმჭერმა გემებმა აზოვის ზღვის ფსკერიც ასე გაანადგურეს.
„ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ყველა ამ დარღვევაზე სანაპირო დაცვის სამსახური თვალს ხუჭავს. ეს ე.წ. „კანონის მოდარაჯეები" სხვა უხამსობასაც ჩადიან. მათი ძირითადი საქმიანობა იქითკენაა მიმართული, რომ რაც შეიძლება მეტი მეთევზე დააჯარიმონ. რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, შავი ზღვის საქართველოს აკვატორიაში თევზაობა ნაპირიდან 300 მეტრშია დაშვებული, ამ ზღვარს იქით კი, ანუ უხვ ადგილებში თურქული სეინერები თევზაობენ (ურეკში ნაპირიდან 300 მეტრი ზღვაში ფეხით შეიძლება გახვიდე და მუხლებს არ აცდეს წყალი). „დამპალ" კომუნისტებს კი 3 კილომეტრი ჰქონდათ დაშვებული... ეს დისტანცია იმდენად მცირეა, რომ მეთევზეები, ძალაუნებურად, ამ ზღვართან ახლოს ყრიან ბადეებს, ამ დროს მიადგებათ სანაპირო დაცვის კატერი და ისე შეიქცევენ ლაპარაკში, რომ მეთევზე ვერ ამჩნევს, თუ როგორ გადააცილა ზღვის დინებამ 300 მეტრიან ზღვარს და სანაპირო დაცვის სამსახურის წარმომადგენელი უწერს ჯარიმას, როგორც დამრღვევს. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მე, როგორც უფლებადამცველი, ვალდებული ვარ, გვერდში დავუდგე მეთევზეებს და მათი პრობლემები სააშკარაოზე გამოვიტანო", - აცხადებს მერაბ ბლადაძე.
უფლებადამცველის ცნობით, რამდენიმე დღის წინ, ქობულეთში, ზღვის სანაპიროზე მცირე, გამაფრთხილებელი აქცია გაიმართა და მეთევზეებმა შემდეგი მოთხოვნები წამოაყენეს:
1) სათევზაო მცურავი საშუალებების, ნიჩბებიანი და მცირე ზომის მოტორიანი ნავების გაფორმების წესების გამარტივება-გაიაფება და მათი ყოველწლიურად ხელახლად რეგისტრაციის გაუქმება;
2) ნიჩბიანი და მცირე ზომის მოტორიანი ნავებით თევზაობის მაქსიმალურად დასაშვები მანძილის გაზრდა, ნიჩბიანი ნავებისთვის 1 (ერთი) საზღვაო მილამდე, მცირე მოტორიანი ნავებისათვის - 2 საზღვაო მილამდე;
3) თევზჭერის საშუალებების გამოყენების წესების შეცვლა, ნაპირიდან 2 მილის ფარგლებში, 300-მეტრიანი სახლართი და პარაშუტების ბადეებით თევზჭერის დაშვება.
4) სანაპირო ზოლში 300 მეტრამდე ზომის სახლართი და პარაშუტისებრი ბადეებით თევზჭერის სამოყვარულო თევზჭერად ჩათვლა და, საერთო აკრძალვის პერიოდის გარდა, მთელი წლის განმავლობაში ნებადართული იყოს აღნიშნული ტიპის თევზსაჭერი ბადეებით თევზჭერა სანაპიროდან არაუმეტეს 2 (ორი) საზღვაო მილის ფარგლებში.
მერაბ ბლადაძის ინფორმაციით, მეთევზეთა აქციას დეპუტატი გია ცაგარეიშვილი გამოეხმაურა და მათ სპეციალური კომისიის შექმნას დაპირდა. „იმედი მაქვს, კომისია, რომელშიც ადგილობრივი მეთევზეების წარმომადგენელიც იქნება, პრობლემების შესწავლას დროულად დაიწყებს", - აღნიშნა „ჯი-ეიჩ-ენ"-თან საუბრისას უფლებადამცველმა მერაბ ბლადაძემ.