ნაკლებსავარაუდოა, რომ იტალიამ და მასთან მჭიდრო კავშირში მყოფმა სან -მარინოს რესპუბლიკამ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა უახლოეს მომავალში აღიარონ. ასეთი რამ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს თუ იტალია და რუსეთი უცბად დაახლოვნებიან. განცხადება ამის შესახებ გლობალიზაციისა და სოციალური მოძრაობების საერთაშორისო პოლიტიკის ანალიზის ცენტრის ხელმძღვანელმა მიხაილ ნეიჟმაკოვმა აფხაზი და ოსი სეპარატისტების იტალიისადმი მიმართვის კომენტირებისას გააკეთა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა რომ მოსკოვი და რომი სილვიო ბერლუსკონის დროს ძალიან დახლოვდნენ, მაშინ ხსენებაშიც კი არ იყო იტალიის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარება.
„ბერლუსკონიმ „ხუთდღიანი ომის" შემდეგ, მიაღწია იმას, რომ ევროკავშირის სამიტის რეზოლუციიდან „რუსეთის არაპროპორციონალური ქმედებები"-ს ხსენება ამოიღეს, მაგრამ მისი მხარდაჭერა მოსკოვის პოლიტიკისადმი ამის იქით არ წასულა", _ აცხადებს ექსპერტი.
მისივე თქმით, აფხაზეთმაც და ე.წ. სამხრეთ ოსეთმაც იტალიასა და სან მარინოში ეს თხოვნები ალბათ უფრო საქართველოს ახალი ხელისუფლების საჩვენებლად გააგზავნეს.
„აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა ეს მოთხოვნები აალბათ უფრო იმისათვის გააგზავნეს, რომ ამ რესპუბლილების ლიდერებს საქართველოს ახალი ხელისუფლებისათვის თავიანთი ნების ურყეობა ეჩვენებინათ. ნაკლებსავარაუდოა, რომ მათ იტალიის მხრიდან მალე აღიარების იმედი ჰქონდეთ.
ამას გარდა, ეს ნაბიჯი შესაძლოა მოსკოვთან იყო შეთანხმებული. და ამ შემთხვევაში შესაძლოა ნატოს გენერალური მდივნისათვის გაცემულ პასუხადაც მივიჩნიოთ. რასმუსენმა ხომ რამდენიმე ხნის წინ რუსეთის კიდვე ერთხელ მოუწოდა უკან გაეწვია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება. ამ ნაბიჯით კი მოსკოვმა რასმუსენს და მის მხარდამჭერ დასავლეთის პოლიტიკურ ელიტებს აჩვენა, რომ ის არა თუ არ გაიწვევს თავის აღიარებას ამ რესპუბლიკებისა, არამედ მხარს დაუჭერს მათ ბრძოლას საერთაშორისო აღიარებისთვის", _ აცხადებს ექსპერტი.
მისივე აზრით, იტალია და სან მარინო კი ადრესატებად იმიტომ შეარჩიეს, რომ 2013 წლის 26 ნოემბერს ტრიესტაში რუსეთ-იტალიის სამიტი უნდა გაიმართოს, ეს კი ერთ ერთი ყველაზე მსხვილი საერთაშორისო ღონისძიებაა, რომელშიც რუსეთი უახლოეს მომავალში მიიღებს მონაწილეობას.