ხვალ, 26 ოქტომბერს, გორში ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრი გაიხსნება. ცენტრი კონფლიქტის შედეგად დაზარალებული, ასევე უნარშეზღუდული და სოციალურად დაუცველი ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციასა და სწავლაში სტიმულირებას შეუწყობს ხელს. ამ მიზნით, ცენტრში იმუშავებს 4 ძირითადი სექტორი: სკოლამდელ ბავშვთა განვითარების, დრამის, ჟურნალისტიკისა და ახალგაზრდული სექტორები. გარდა ამისა, ცენტრში განთავსებულია სამკითხველო და ბიბლიოთეკა. ცენტრს მოემსახურება სპეციალური ავტობუსი, რომელიც ბავშვთა უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს
,ეს ცენტრი პირველია საქართველოში და იქნება გამოყენებული, როგორც მოდელი, თუ როგორი უნდა იყოს ზოგადად თანამედროვე ახალგაზრდული ცენტრი. მისი ფუნქციონირება ჩვენი მუნიციპალიტეტისათვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან აქ იმუშავებს ისეთი სექტორები, რომელსაც მუნიციპალიტეტი აქამდე ვერცერთი პროგრამით ვერ აფინანსებდა. ცენტრის საშუალებით ჩვენ ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელებას ვაპირებთ." - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ ზურაბ ჩხეიძემ.
ცენტრი დაკომპლექტებულია კვალიფიციური, მათ შორის დევნილი პედაგოგებით, რომლებიც ცენტრში მისაღებად შეარჩევენ 5-დან 24 წლამდე ბავშვებსა და ახალგაზრდებს გორიდან და გორის რაიონის სოფლებიდან. ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრი თავისი ფუნქციების შესრულებას ნოემბრიდან შეუდგება.
ცენტრი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის მიმდინარე წლის მარტში გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე დაფუძნდა. მემორანდუმი ითვალისწინებდა ცენტრისთვის გამოყოფილი შენობის გარემონტებას და აღჭურვას საჭირო ინვენტარით, რაც გაეროს ბავშვთა ფონდისა და ევროსაბჭოს განვითარების ბანკის დაფინანსებითა და მხარდაჭერით განხორციელდა. ცენტრის შემდგომ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა ადგილობრივი განათლების რესურსცენტრთან თანამშრომლობით.