"სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამასთან" დაკავშირებით ქუთაისის საოლქო სასამართლოში მიმდინარე პროცესის 8 ნოემბრის სხდომაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ პროკურატურის მიერ ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილისათვის წარდგენილი ბრალდება უსაფუძვლოა. აღნიშნულის შესახებ განცხადება ზურაბ ჭიაბერაშვილისა და გიორგი ჩივიაშვილის ერთობლივი ბრიფინგისას გაკეთდა.
როგორც ისინი განმარტავენ, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა დეტალურად აღწერეს "სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამის" ფარგლებში ჩატარებული სამუშაო და აღნიშნეს, რომ არც ვანო მერაბიშვილს და არც ზურაბ ჭიაბერაშვილს რაიმე სახის უკანონო დავალება მათთვის არ მიუციათ.
„ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომელი ნათია გამყრელიძე, რომელიც ერთი კვირის წინ დაიბარეს მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე, თუმცა მისი დაკითხვის ოქმი საქმეში არ დევს. მისი განცხადებით, დაკითხვის ოქმზე მას ხელი არ მოუწერია.
სასამართლოზე მიცემული მისი ჩვენებიდან გაირკვა, რომ აუდიტორმა ნათია გამყრელიძემ"სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამის" ფარგლებში გაწეული ხარჯების შესახებ ანგარიში არასრულყოფილი ინფორმაციის საფუძველზე მოამზადა.
„კერძოდ, მისთვის არ მიუწოდებიათ სამუშაოს აღრიცხის მაძიებელთა მონაცემთა უნიკალური ბაზა, რომელიც 600,000 ოჯახში დასაქმების აგენტის ვიზიტის შედეგად შეიქმნა და რომელშიც 700,000-ზე მეტი მოქალაქის მონაცემის შეყვანილი; ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან არ გამოუთხოვია დევნილთა საჭიროებების შესწავლის მასალები; კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატიდან არ მოუთხოვია 2012 წლის 19 ივლისის სტიქიით დაზარალებულთა ზიანის აღმრიცხველი ფორმები.
პროკურატურის მიერ მხოლოდ ერთი კვირის წინ ნაჩქარევ რეჟიმში გამოვლენილ მოწმეს"სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამასთან" დაკავშირებით სრულყოფილი ინფორმაცია არ მიაწოდა სოციალური მომსახურების სააგენტოს ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა ნოე ქინქლაძემ.
ნოე ქინქლაძე ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი სამშენებლო კომპანიის "ელიტა-ბურჯის" ყოფილი დირექტორი და კოალიცია "ქართული ოცნების" საარჩევნო ფონდის მსხვილი შემომწირველია. აღსანიშნავია, რომ კომპანია"ელიტა-ბურჯმა" 2013 წელს მოიგო შსს-ს გამარტივებული ტენდერი 1.5 მილიონი ლარის ოდენობით"- აცხადებენ „ნაციონალურ მოძრაობაში".