ექსპერტი მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ არჩილ კბილაშვილის მიერ მთავარი პროკურორის პოსტიდან გადადგომის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში მოსალოდნელი გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეების წამოწყებისგან თავის დაზღვევას არ უკავშირდება.
როგორც არეშიძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აღნიშნა, კბილაშვილის პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა ის ვერსია, რომ მან თანამდებობა მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლებრივ დევნაში მიცემისგან თავის არიდების გამო მიიღო.
არეშიძე აცხადებს, რომ კბილაშვილის გადადგომასთან არც პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს დაკავშირება შეიძლება, რომელთა თანახმად ივანიშვილი საქართველოს პრეზიდენტის შესაძლო დაკითხვის და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის თაობაზე მიანიშნებს.
"კბილაშვილი არ არის იმ ყაიდის ადამიანი, რომ თავი დაეზღვია ამ საქმეში ყოფილიყო ჩართული და აქტიური ყოფილიყო. მაგრამ, ნაწილობრივ ჩარჩოებიდან გამომდინარე, რომელიც მას ჰქონდა საკუთარი ბუნებიდან გამომდინარე, ვერ მოახერხა ზოგი რამ, რის გაკეთებაც შეეძლო. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, მე არ მომწონდა ვითარება, რომელიც პროკურატურაში იყო შექმნილი. პროკურატურას ხელმძღვანელობდა კბილაშვილი, მაგრამ ფუნქციებს ასრულებდა ნაცვლიშვილი. მე ვერ ვხედავდი გადაწყვეტილებების მიღების მყარ ვერტიკალს პროკურატურაში, რადგან კბილაშვილის ზოგიერთი მოადგილე დავალებებს იღებდა სხვა მხრიდანაც. ამიტომ მეჩვენებოდა რომ ეს ხელს უშლიდა კბილაშვილს მისი მოვალეობების შესრულებაში,"- განაცხადა მამუკა არეშიძემ.