საერთაშორისო სავალუტო ფონდში მიიჩნევენ, რომ ახლად შექმნილი თანაინვესტირების ფონდი მხოლოდ მსხვილი პროექტების დაფინანსებაზე უნდა იყოს ორიენტირებული, წინააღმდეგ შემთხვევაში ის შესაძლოა არსებული ბიზნესების კონკურენტიც კი გახდეს.
„თუ შევხედავთ საბანკო სექტორს ბოლო პერიოდში დიდი ლიკვიდურობა გააჩნდა, მაგრამ ეს არ არის გრძელვადიან პერსპექტივაში. ფონდი შესაძლოა წარმატებული აღმოჩნდეს გრძელვადიან პერსპექტივაში, თუმცა ეს უნდა გაკეთდეს სწორად. თუ ფონდი განახორციელებს მსხვილ, დიდი პროექტებს კარგია, თუმცა თუ ფონდი შევა წვრილ პროექტებში, მაშინ მან შესაძლოა კონკურენცია გაუწიოს საბანკო სექტორს და წაართვას კლიენტები"- განმარტავს სსფ-ს მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში აზიმ სადიკოვი.
შეგახსენებთ, რომ თანაინვესტირების ფონდში 1 მლრდ დოლარი ბიძინა ივანიშვილის ფული, მთლიანი კაპიტალი კი - 6 მლრდ დოლარი იქნება. ფონდი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივითა და ქართველ და უცხოელ ინვესტორთა ჯგუფის ძლიერი მხარდაჭერით შეიქმნა. კერძო საინვესტიციო ფონდი პოტენციურ ინვესტორებს ხელსაყრელ პირობებსა და განსაკუთრებულ შესაძლებლობას სთავაზობს საქართველოში პირდაპირი ინვესტიციების განსახორციელებლად.
საქართველოს თანაინვესტირების ფონდი კერძოა და მისი ინვესტორების სია მოიცავს: დაბი ჯგუფს (Dhabi Group), რაკიას (RAK Investment Authority), აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო ფონდს (State Oil Fund of the Republic of Azerbaijan), კომპანია ყაზტრანსოილის წარმომადგენელ კომპანიას - ბათუმის ინდუსტრიულ ჰოლდინგს (Batumi Industrial Holding Limited), ჩალიკ ჰოლდინგს (Calik Holding A.S), მაილსთოუნ ინთერნეშენალ
ჰოლდინგს (Milestone International Holdings Group Limited), ბიძინა ივანიშვილს,ალექსანდრე მაშკევიჩს, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს და სხვა ინვესტორებს.