აჭარა „ნარინჯისფერი რთველისთვის" ემზადება. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები განმარტავენ, მზადება გადამწყვეტ ფაზაშია და რამდენიმე დღეში ციტრუსის დაბინავებაც დაიწყება.
„რთველი" რომ წარმატებული უნდა ყოფილიყო ხელისუფლება ამისთვის წინმსწრებადაც „შრომობდა" და სწორედ ამიტომ იყო, რომ არჩილ ხაბაძის მთავრობამ ინვესტორებს 1 ლარად შესთავაზა ძველი შენობა-ნაგებობები, სადაც ინფრასტრუქტურის განვითარება და ციტრუსის შემფუთავ-დამახარისხებელი საწარმოები უნდა ამოქმედებულიყო.
როგორც ცნობილია, 20 აგვისტოს აჭარის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების 12 სოფელში ციტრუსის შემფუთავ-დამხარისხებელი და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ტარის საწარმოების გახსნის შესახებ. შერჩევის შედეგად გამოავლენდა საწარმოს მოწყობის მსურველი ინვესტორები, რომლებსაც სახელმწიფო ქონება სიმბოლურ ფასად გადაეცათ.
სახელშეკრულებო პირობების თანახმად, მფლობელი ვალდებულია საწარმოს პროფილი 20 წლის ვადით შეინარჩუნოს და 90%-ით ადგილობრივი მოსახლეობა დაასაქმოს. მთავრობის ინფორმაციით, უკვე წლევანდელი სეზონისთვის საწარმომ არანაკლებ 2 ტ ტვირთამწეობის ავტომტვირთავი, ელქტროსასწორი და პნევმატური ურიკა უნდა ამუშაოს; ასევე 2013 წლის 1-ელ ნოემბრამდე აამოქმედოს არანაკლებ 3 ტ/სთ. წარმადობის ციტრუსის შემფუთავი-დამხარისხებელი და გადამამუშავებელი საწარმო. როგორც მთავრობა განმარტავს, შერჩევისას პრიორიტეტი მიენიჭა იმ ინვესტორთა წინადადებებს, რომლებსაც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ტარის წარმოების ვალდებულება აიღეს.
აჭარის მთავრობამ ასევე დამატებით განიხილა სამაცივრე მეურნეობის შექმნის ინიციატივები. მეწარმე სუბიექტებმა, ან არასამეწარმეო იურიდიულმა პირებმა წარმოადგინეს სავარაუდო ინვესტიციის შესახებ პროექტი და მონაცემები საწარმოში დასაქმებულთა მუდმივი ან სეზონური რაოდენობის შესახებ.
წესით, 1-ლი ნოემბრისთვის შემფუთავი საწარმოები უნდა გახსნილიყო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 6 სოფელში: ახალსოფელი, მახო, ერგე, ორთაბათუმი, ახალშენი და განთიადი; და ქობულეთის მუნიციპალიტეტის 6 სოფელში: დაბა ჩაქვი, ქვედა აჭყვა; ბობოყვათი; მუხაესტატე; ზენითი; ქაქუთი.
„ჯი-ეიჩ-ენი" რამდენიმე დღეა ცდილობს მიიღოს ინფორმაცია, რეალურად ინვესტორებმა შეასრულეს თუ არა პირობები და 1-ლი ნოემბრიდან მართლაც ამოქმედდა თუ არა ეს საწარმოები. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ აღნიშნულზე ინფორმაცია არ აქვთ, რადგანაც მონიტორინგს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო აკეთებს, ხოლო აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, რომ აღნიშნულის მონიტორინგი ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრეროგატივაა, თუმცა უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ 1-ლი ნოემბრიდან საწარმოები არ ამოქმედებულა. მისივე განმარტებით, უახლოეს დღეებში ამოქმედდება 19 საწარმო და ამასთანავე, კიდევ 16 კერძო საწარმო ციტრუსის მიღება-გადამუშავებას დაიწყებს.
არა და, 14 სექტემბერს, აჭარის მთავრობის მეთაურმა, ინვესტორები მკაცრად გააფრთხილა და საჯაროდ განუმარტა, რომ მათი ვალდებულების შესრულების ბოლო ვადა 1-ელ ნოემბერს იწურება და თუ 1-ელ ნოემბრამდე, კონკურსის წესით შერჩეული ინვესტორი აჭარაში ციტრუსის შემფუთავი და დამხარისხებელი საწარმოების მშენებლობას ვერ განახორციელებდა, მაშინ მას სახელმწიფოსგან გადაცემული ქონება ჩამოერთმეოდა. როგორც არჩილ ხაბაძემ განმარტა, თუ კომპანიებს შეექმნათ ფინანსური პრობლემები და 1-ელ ნოემბრამდე საწარმოების მშენებლობას ვერ დაასრულებენ, მაშინ არსებული კონტრაქტის თანახმად, სახელმწიფოს ქონება უკან დაუბრუნდება.
1-ლი ნოემბრისთვის ინვესტორებმა, რომ ვადებულებები ვერ შეასრულეს ამას ღიად ადასტურებენ აჭარის უმაღლეს საბჭოში. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", წარმომადგენელი რევაზ ხარაზი განმარტავს, რომ იმ დაანონსებული 12 საწარმოდან 1-ლი ნოემბრისთვის არც ერთი საწარმო არ ამოქმედებულა.
„1-ლი ნოემბრისთვის აჭარაში 12 შემფუთავი საწარმო უნდა გახსნილიყო და ამ დროისათვის უნდა დაეწყოთ ციტრუსის მიღება. თორმეტიდან თერთმეტ შემთხვევაში მინიმალური სამუშაოებია შესრულებული, ხოლო ერთი საწარმო საერთოდ აღარ იხსნება, რადგანაც თავად ინვესტორმა განაცხადა უარი. სამწუხაროდ, არც ერთ საწარმოში ციტრუსის მიღება-ჩაბარება არ დაწყებულა და გაურკვეველი სიტუაციაა. მანდარინის ფასი დღეის მდგომარეობით 30 თეთრიდან 40 თეთრამდე მერყეობს, რაც კატასტროფული ფასია ადგილობრივი ფერმერებისათვის. წელს მოსავალი მეტია და იცით, რომ ამ მიმართულებით ადგილობრივი მთავრობა და სამინისტროები არიან ჩართულები. თუმცა მათი ჩართულობა რაში გამოიხატება გაურკვეველია, რადგანაც საწარმოები გახსნილი არ არის და მანდარინის ფასიც ძალიან დაბალია",- განმარტავს ხარაზი.
დეპუტატი ამბობს, რომ მიუხედავად დაანონსებული ხელშეკრულებებისა, ხელისუფლებას რეალური ხელშეკრულებები არ აქვს.
ცხადია უწყებების მიერ „მონიტორინგის პროცესის" ერთმანეთისთვის გადაბრალება, საკითხს უფრო მეტ გაუგებრობას სძენს. საკითხავია ისიც, მაშინ ვის ინტერესებში შედიოდა სახელმწიფო ქონების ერთ ლარად გასხვისება? და მაინც თუ ჩავთვლით, რომ ამ ყველაფერში „შავი ხვრელები" არ არსებობს, მაშინ ის მაინც ვიკითხოთ, შესაბამისი უწყებების შესაბამისი მოხელეებისთვის რატომ არის საკუთარი მოვალეობების შესრულება ზედმეტი ტვირთი და „ნარინჯისფერი რთველი" მეორეხარისხოვანი? კითხვები კიდევ ბევრი შეიძლება დაისვას, უბრალოდ ცხადია, რომ მათზე პასუხს ვერ მივიღებთ, ან უწყებიდან უწყებაში სიარულში კი ციტრუსის სეზონი დასრულდება.
"ჯი-ეიჩ-ენი", მაია არაბიძე