საქართველო გააგრძელებს თავისი სამხედრო პოტენციალის გაძლიერებას და ამასთან ერთად არ შეწყვეტს მცდელობებს გაწევრიანდეს ნატოში _ სწორედ ამაშია იმ ახალი სამხედრო დოქტრინის არსი რომელზეც ამჟამად თბილისში მუშაობენ. ნათქვამია ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციის "Stratfor"-ის ანგარიშში.
მათივე ინფორმაციით, თბილისი "თავისი სამხედრო სტრატეგიის ფართო გადახედვას ახორციელებს, რომელშიც გათვალისწინებულია 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის გაკვეთილები და ამ ომის შედეგად შექმნილი სიტუაცია".
ორგანიზაცია "Stratfor"-ის ანგარიშში, რომელსაც ხშირად "ჩრდილოვან "ცე-ერ-უ"-ს უწოდებენ ხაზგასმულია, რომ "აგვისტოს ომმა საქართველო პრაქტიკულად დაშალა და დაანახა ქართველებს, რომ მათი შეიარაღება და ტექნიკა უბრალოდ წინააღმდეგობას ვერ გაუწევს უფრო მძლავრ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს".
ამას გარდა, "Stratfor"-ის ანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ "პროდასავლურმა საქართველომ, რომელიც არის პარტნიორი, თუმცა არ არის ნატოს წევრი, ომის დროს, ალიანსის წევრებიდან, ვერ მიიღო ის დახმარება რომელიც სურდა და რომელიც მას ძალიან სჭირდებოდა".
ნატოსთან თავის ურთიერთობების დამოუკიდებლად, საქართველოს ხელისუფლება მივიდა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ "ნაციონალური უსაფრთხოების სასიცოცხლო ინტერესებშია საკუთარი თავდაცვა და შემკავებლური თვისება". ამისათვის თბილისმა ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო იარაღის მოდერნიზირება უნდა მოახდინოს.
"თუმცა, პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ მოსკოვის ზეწოლის გამო იარაღის სამივე მთავარი მიმწოდებელი _ ყაზახეთი, უკრაინა და ისრაელი _ ამცირებენ თავის სამხედრო კავშირებს საქართველოსთან", _ ნათქვამია ანგარიშში და იქვე აღნიშნულია, რომ "თეორიულად ამ როლის თავის თავზე აღება აშშ-საც შეუძლია, იმიტომაც რომ ისინი აცხადებენ, რომ სხვა ქვეყნების მსგავსაც საქართველოსთვის იარაღის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესებას არ აპირებენ. ამის მიუხედავად, საქართველო არ არის დარწმუნებული თუ რა ხარისხში იქნება მზად ვაშინგტონი უაზრუნველყოს იგი შეიარაღებით, ტექნიკითა და სამხედრო მომზადებით მაშინ როდესაც ეს საქართველოს მართლაც დასჭირდება".
"Stratfor"-ის ინფორმაციით, "საქართველომ უკვე დაიწყო კონსულტაციები ამ საკითხზე პოლონეთთან, მაგრამ არ არის დარწმუნებული იმაში თუ სადამდე მიიყვანს მას ეს კონსულტაციები".