ერაყში, სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ, პირველი საპარლამენტო არჩევნები იმართება. დასავლეთის მედიის ინფორმაციით, არჩევნების მსვლელობის პარალელურად ერაყის სხვადასხვა ქალაქებში აფეთქებების ხმა ისმის.
"ფრანს პრესის" ინფორმაციით, რამდენიმე აფეთქება მოხდა ერაყის დედაქალაქში და მათ შორის ბაღდადის "მწვანე ზოლში", სადაც განთავსებულია სამთავრობო დაწესებულებები და უცხოეთის საელჩოები.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით ბაღდადში დაღუპულია ხუთი ადამიანი.
ქვეყნის შს სამინისტროს ინფორმაციით ოთხი ადამიანი დაიღუპა შიიტურ რაიონში, ელ-ამელში მომხდარი აფეთქებისას. აფეთქებამ დაღუპულთა სახლი დაანგრია. სხვადასხვა დაზიანება მიიღო სახლში მყოფმა კიდევ რვა ადამიანმა.
ასევე ძლიერი აფეთქეება მოხდა დასახლებული კვარტალი ურში, რომელიც დედაქალაქის უდიდესი რაიონთან მაგინატ-სადრთან მდებარეობს. ამ აფეთქების შედეგად დაღუპულია ერთი ადამიანი და დაჭრილია ექვსი.
სულ არჩევნების დაწყებიდან ამ დრომდე ათი აფეთქებაა მომხდარი.
ერაყის პრემიერ მინისტრის ნური ალ-მალიკის განცხადებით, ამ აფეთქებების მიზანია მოსახლეობის დაშინება, რათა მათ მონაწილეობა არ მიიღონ საარჩევნო პროცესში.
აფეთქებები ასევე მოხდა ქალაქ ბაიჯიში, რომელიც ბაღდადიდან 180 კილომეტრში მდებარეობს.
ერაყის პარლამენტში მოსახვერდრად 12 ბლოკიდან და 165 პოლიტიკური გაერთიანებიდან 6292 კანდიდატი იბრძვის.
ექსპერტები აცხადებენ, რომ გამარჯვების ყველაზე მეტი შანსი მომქმედ პრემიერ მინისტრს აქვს.