აშშ-ს სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დაიბლოკოს პარლამენიტის მიერ მიღებული რეზოლუცია, სადაც თურქების მხრიდან სომხების გენოციდია აღიარებული. ამის შესახებ "გარდიანი" იუწყება.
კლინტონის თქმით, პრეზიდენტი ობამა აფრთხილებდა კონგრესმენებს მოსალაოდნელ არასასურველ შედეგებზე, თუმცა მისი გაფრთხილება კონგრესმა არ გაითვალისწინა და რეზოლუცია მაინც დაამტკიცა (23 მომხრე, 22 მოწინააღმდეგე).
რეზოლუციას უარყოფითად შეხვდა თურქული მხარე, ქვეყნის პრეზიდენტმა აღნიშნულ გადაწყვეტილებას ისტორიის დამახინჯება უწოდა.
შეგახსენებთ, რეზოლუციის მიღების შემდეგ, სადაც ნათქვამია, რომ 1915 დან 1923 წლამდე ოტომანებმა ეთნიკური ნიშნით 1.5 მილიონი სომეხი მოკლეს, თურქეთის ხელისუფლებამ ვაშინგტონიდან ელჩი უკან გაიწვია.
ექსპერტები სწორედ ხსენებულ ფაქტს მიიჩნევენ სამხრეთ ამერიკაში ვიზიტად მყოფი კლინტონის ამ მიმართულებით გააქტიურების მიზეზს. როგორც ცნობილია, ნატოს ჯარებს ავღანეთში წარმოებული ომისათვის საჰაერო პლაცდარმი სჭირდება, აქამდე ნათელი იყო, რომ ამერიკელები ამ მიზნით თურქეთში მდებარე საჰაერო ბაზას გამოიყენებდნენ, (რომელსაც აქტიურად იყენებდნენ ერაყის ომის დროს) თუმცა გუშინდელი სკანდალის შემდეგ ვითარება რადიკალურად შეცვალა. სამხედრო ექსპერტების ვარაუდით, აშშ-ს სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ბაზის ასაშენებლად დრო არ ეყოფა, რაც ნიშნავს იმას, რომ ობამას ადმინისტრაციას ამ ეტაპზე თურქეთი სჭირდება. არსებობს მეორე ფაქტორიც, აშშ-ს თურქეთის ხმა აუცილებლად დასჭირდება ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების პროცესში და მესამე - დღეისათვის ავღანეთში ნატოს ეგიდით 1.700 თურქი ჯარისკაცი იმყოფება.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ობამას ადმინისტრაცია ყველაფერს გააკეთებს კონგრესის მიერ მიღებული რეზოლუციის დასაბლოკად.