20 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საქართველოს ყველა ქალაქში ოკუპაციის წინააღმდეგ და ქვეყნის დასავლური კურსის მხარდასაჭერად მასშტაბური აქციები ჩატარდება.
როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, მოსახლეობა ყველა ქალაქში შეიკრიბება და აღნიშნულ გზავნილებთან დაკავშირებით საკუთარ მოქალაქეობრივ პოზიციას დააფიქსირებს.
ამასთან, აქციის ორგანიზატორთა თქმით, შეკრებაში მონაწილეობას საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა პოლიტიკური პარტიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რიგითი მოქალაქები მიიღებენ.
აღნიშნული აქციის საორგანიზაციო ჯგუფი საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებით, სხვადასხვა სფეროებში მოღვაწე ადამიანებით დაკომპლექტდა.
"ბატონებო და ქალბატონებო, 20 ოქტომბერს, 12:00 სათზე ყველა, ვისთვისაც ძვირფასია საქართველო, მისი ტერიტორიული მთლიანობა, რუსეთის აგერსიული - საოკუპაციო პოლიტიკის დასრულება და საქართველოს ევროპული არჩევანი - შევიკრიბებით საქართველოს ყველა ქალაქსა თუ რაიონულ ცენტრში, მთავარ მოედანზე.
მხოლოდ მდუმარე აქციით, პლაკატებითა და ტრანსპარანტებით - „არა ოკუპაციას!", „ევროპა ჩვენი არჩევანია!" და საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია.
20 ოქტომბერი, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური შეხედულებებისა და მისწრაფებებისა, მიუხედავად ღირებულებითი განსხვევებისა ვაქციოთ ჩვენი ქვეყნის ერთიანობის დღედ, სადაც ერთმანეთის გვერდით დადგებიან ხელისუფლება და ოპოზიცია, სხვადასხვა სოციალური სტატუსის ადამიანები და ერთად ვუთხრათ მსოფლიოს, რომ ჩვენ, ყველაფრის მიუხედავად გვაქვს საერთო ფასეულობა - სამშობლო და საერთი მისწრაფება - თავისუფალი და დემოკრატიულ სამყაროში ინტეგრაცია.
20 ოქტომბერი ვაქციოთ დღედ, როდესაც ჩვენ ვეტყვით მსოფლიოს - „გააჩერეთ რუსეთი!", ვაქციოთ დღედ, რომელიც იქნება უმთავრესი გზავნილი ვილნიუსის სამიტის მონაწილეებისათვის - „ჩვენი არჩევანია ევროპა!" .
მივმართავთ მედიას აქტიურად გააშუქოს აქციის მოსამზადებელი პერიოდი და მიმდინარეობა. მივმართავთ ადგილობრივ თვითმმართველობებს ხელი შეუწყონ აქციისათვის შესაბამისი ტერიტორიების გამოყოფას. მივმართავთ საზოგადოებისთვის ავტორიტეტულ ადამიანებს აქტიურად დაუჭირონ მხარი ამ ინიციტივას და მონაწილეობა მიიღონ მის ჩატარებაში. მივმართავთ საქართველოს რიგით მოქალაქებს ვისთვისაც მნიშვნელოვანია საკუთარი ქვეყანის ბედი მიიღონ უშუალო მონაწილეობა აქციაში. ის რაც დღეს ჩვენს სამშობლოში ხდება ყველას გვეხება და ყველას ტკივილია და შესაბამისად, მოგმართავთ რანგის, სტატუსის, პოლიტიკური, რელიგიური, ეთნიკური მრწამსისა და კუთვნილების, სქესისა და ასაკის მიუხედავად.
ჩვენ სამშობლოს ვკარგავთ და არავის გვაქვს უფლება ამას გვერდინად ვუყუროთ. ქვეყნის წინაშე ორი უმთავრესი გამოწვევა დგას: უკუპაციის შეჩერება და ევროპული არჩევნის დადასტურება.
პოლიტიკა ჩიხშია შესული, ჩვენ ვალდებულნი ვართ პოლიტიკოსები დილემის წინაშე არ დავაყენოთ და ჩვენ - ხალხმა, უნდა ვთქვათ სათქმელი.
ჩვენ ყველანი ერთად უნდა დავდგეთ სამშობლოს დასაცავად და ჩვენი ღირებულების გადასაჩენად", - ნათქვამია საორგანიზაციო ჯგუფის განცხადებაში.
აქციაში მონაწილეობის მსურველებს შეგიძლიათ გაწევრიანდეთ სოციალურ ქსელში შექმნილ სპეციალურ ჯგუფში: https://www.facebook.com/events/230969797061436/declines/?notif_t=plan_mall_activity