თბილისის მერის გიგი უგულავას განცხადებით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდებარე სოფლების მოსახლეობისგან ვაშლის მოსავალს თბილისის მერია შეისყიდის.
უგულავას თქმით, ვაშლის შესყიდვას დედაქალაქის ყველა რაიონის გამგეობა შეძლებისდაგვარად მოახდენს და აღნიშნული შენაძენი თბილისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ და სხვა მიზნობრივი ჯგუფების მოქალაქეებს დაურიგდებათ.
"მოსავლის ნაწილი საოკუპაციო ხაზის იქეთა მხარეს რჩება და მათ ძალიან ცოტა დრო აქვთ დარჩენილი, რომ მოსავალი დააბინავონ. ჩვენ სრულიად ლეგიტიმურად შეგვიძლია თბილისის თითოეულმა რაიონმა შესაძლებლობის ფარგლებში შევისყიდოთ და ამ ხალხს მოსავლის დაბინავებაში დავეხმაროთ. ვაშლი ერთ-ერთი მთავარი პროდუქტია, რითაც ეს სოფლები არსებობს. შეგვიძლია ეს შევისყიდოთ და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის იქნება თუ სხვა მიზნობრივი ჯგუფებისთვის, გამოვიყენებთ. არც ისე დიდი მასშტაბის სამუშაოებია ჩასატარებელი. დიდი მიტაცებულ ტერიტორიაზე ვლაპარაკობთ, მაგრამ იმ მოსახლეობას, რომელსაც უჭირს, მხოლოდ დაპირებით ვერ გამოვკვებავთ, მათ რეალური დახმარება სჭირდებათ, ჩვენ ამის შესაძლებლობა გვაქვს და მაქსიმალურად ვთხოვთ ყველას, იაქტიურონ. დღეს ამაზე მნიშვნელოვანი საქმე ალბათ, არ გვაქვს",- განაცხადა გიგი უგულავამ.