11 ოქტომბერს საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორეს ხელმძღვანელობით წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება.
როგორც საპატრიარქოს პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აღნიშნა, სინოდის სხდომა პარასკევს 12:00 საათზე დაიწყება და სასულიერო პირების მიერ განხილული საკითხების და გადაწყვეტილებების თაობაზე ინფორმაცია დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.
გიორგი ზვიადაძის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია თუ რა საკითხები იქნება განხილული და არც იმ ინფორმაციას ადასტურებს, რომ სინოდის სხომაზე რიგი სასულიერო პირებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თემაზე იქნება მსჯელობა.
აღნიშნულ საკითხზე "ჯი-ეიჩ-ენი" საპატრიარქოს პრეს-სამსახურის წარმომადგენელს მაია გაგუასაც დაუკავშირდა. მისი თქმით, სინოდის სხდომაზე განსახილველი საკითხები კონფიდენციალურია და თემები, რომლებზეც სასულიერო პირები იმსჯელებენ, მხოლოდ განჩინების დაწერის შემდეგ გახდება საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი.
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდის 11 ოქტომბრის სხდომაზე 4 ეპისკოპოსისთვის სასულიერო პირის წოდების შეჩერების და 4 ეპარქიის გაყოფის საკითხები უნდა განიხილონ.