არასამთავრობო ორგანიზაციების "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსა" და "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" მიერ სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირების საკითხზე შედგენილ პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება მოქალაქეებთან პირისპირ შეხვედრითაც დაიწყება.
როგორც "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აღნიშნა, პეტიციის საორგანიზაციო ჯგუფი საქართველოს მოქალაქეების ხელმოწერების შეგროვების შემდგომი ეტაპის დეტალებზე ჯერ-ჯერობით ჩამოყალიბებული არ არის და აღნიშნულთან დაკავშირებით გეგმები დამუშავების პროცესშია.
ლომჯარია ასევე განმარტავს, რომ მოქალაქეთა აქტიური მხარდაჭერის გამო, ქართველი სპორტსმენების მიერ სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირების საკითხზე შედგენილ პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვების დასრულების საბოლოო ვადა ჯერ-ჯერობით განსაზღვრული არ არის, შესაბამისად, ამ ეტაპზე უცნობია თუ როდის მოხდება აღნიშნული პეტიციის პრემიერ-მინისტრისთვის და საქართველოს ოლიმპიური კომიტეტისთვის გადაცემა.
ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციების "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსა" და "სამართლიანი არჩევნების" მიერ სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირების საკითხზე შედგენილ ონლაინ პეტიციას ამ დროისთვის 8 000-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.