პრეზიდენტის რწმუნებულ/გუბერნატორის შიდა ქართლის მხარეში ზურაბ ჩხეიძის განცხადებით, რუსი ოკუპანტების მიერ მითვისებული სოფელ აძვის ტერიტორია არასოდეს შედიოდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებში.
როგორც ჩხეიძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას განმარტა, რუსი ოკუპანტების მიერ დამატებით 4 ჰექტარი მიწის ნაკვეთის მავთულხლართებით შემოღობვა დაახლოებით 1 თვის წინ მოხდა და აღნიშნული ფაქტი არ გახმაურებულა.
"რუსები ტრადიციულად აგრძელებენ ქართული მიწების მოპარვას. ბოლო 1 წლის განმავლობაში 400 ჰექტარამდე მიწის ფართობი იქნა მითვისებული რუსი ოკუპანტების მიერ და დღევანდელი ფაქტის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება არ მომხდარა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს დაახლოებით 1 თვის წინ მოხდა. საუბარია 4 ჰექტარ მიწაზე, რომელიც კონკრეტულად 1 ოჯახს ეკუთვნოდა და ეს ოჯახი დარჩა მიწის გარეშე. ამ ადამიანმა მიმართა ყველას, ადგილობრიც ხელისუფლებას დახმარება სთხოვა, რომ ალტერნატიული მიწის ფართობი მოეძებნათ, თუმცა არანაირი რეაგირება ამ ფაქტზე არ მომხდარა,"- განუცხადა ”ჯი-ეიჩ-ენს” ზურაბ ჩხეიძემ.
მისივე თქმით, საუბარია სოფელ მეჯვრისხევთან მდებარე სოფელ აძვის ტერიტორიაზე და მას ოსური სოფლები ესაზღვრება, სადაც რუსი სამხედროების ბაზებია განთავსებული.
"აქ არის ოსური სოფლები, არის რუსების სამხედრო ბაზა, რომელიც გადმოჰყურებს ამ მიწებს და ეს 4 ჰექტარი მიწა ამ ოჯახის სარგებლობაში იყო, რომელსაც ჩვეულებრივად ამუშავებდნენ. ეს მიწა სოფელ აძვს ეკუთვნოდა და არასოდეს შედიოდა ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებში და ეს არის უბრალოდ მითვისება ქართული მიწის,"- აღნიშნა ჩხეიძემ.
შიდა ქართლის გუნერნატორი ხელისუფლებას ფაქტზე დროული რეგირებისკენ მოუწოდებს და მიმართავს, სასწრაფოდ გამოინახოს სიტუაციიდან ადეკვატური გამოსავალი, რათა კუთვილი მიწის გარეშე დარჩენილ ოჯახს ალტერნატიული მიწის ფართობი გადაეცეს.
ცნობისთვის, რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვში ბალამწარიშვილების კუთვნილ ნაკვეთზე მავთულხლართები გააბეს.
მავთულხლართების გავლების გამო, საოკუპაცო ზოლს მიღმა საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე დამატებით 4 ჰექტარამდე მიწის ფართობი მოექცა.