ქობულეთსა და ხელვაჩაურში ციტრუსის შემფუ¬თავი¬ და სასოფლო სამეურნეო პროდუქციის ტარის მწარმოებელი საწარმოს მშენებლობის სურვილი 10 კომპანიამ გამოთქვა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პირდაპირი მიყიდვის წესით, პრივატიზების კონკურსში მონაწილეობაზე განაცხადი 10 კომპანიამ წარმოადგინა. როგორც ცნობილია, აჭარის ტერიტორიაზე ციტრუსის შემფუთავი/დამხარისხებელი ან/და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ტარის წარმოების საწარმოების მოწყობისათვის კონკურსი 27 სექტემბერს 11 ობიექტზე გამოაცხადა, ხოლო სამინისტროში განაცხადების წარდგენის ვადა კი 4 ოქტომბერს ამოიწურა.
„ამ დროისთვის შემოსული განცხადებების შესწავლა მიმდინარეობს,რის შემდეგადაც კომისია კონკრეტული კომპანიებისთვის რეკომენდაციების გაწევის გადაწყვეტილებას მიიღებს"- აცხადებენ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ საუკეთესო წინადადებების მქონე პრეტენდენტებს ობიექტები საკუთრებაში სიმბოლურ ფასად გადაეცემათ. რომლებიც ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში შემდეგ სოფლებში მდებარეობენ: თხილნარი, დაბა მახინჯაური, ორთაბათუმი, ახალშენი (განახლება), ხალა, ქობულეთი, ხუცუბანი, კვირიკე, ალამბარი, ჯიხანჯური, ცეცხლაური.
დაინტერესებული ინვესტორი ვალდებულია, ნაწილმა 1-ელ ნოემბრამდე, ხოლო ნაწილმაც 15 ნოემბრამდე, არანაკლებ 3 ტონა/საათში წარმადობის ციტრუსის შემფუთავი/დამხარისხებელი ან/და გადამამუშავებელი საწარმო აამოქმედოს. ასევე 1-15 ნოემბრის მდგომარეობით საწარმოს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 1,5 ტონა ტვირთამწეობის ავტომტვირთავი, ელექტროსასწორი და პნევმატური ურიკა. საკუთრებაში გადაცემულ ობიექტებზე შექმნილი საწარმოს პროფილი კი შენარჩუნებული უნდა იყოს არანაკლებ 20 წლის განმავლობაში.
ინვესტორთა ნაწილი, რომელიც ვალდებულნი იქნებიან 15 ნოემბრამდე საწარმო გამართონ ვალდებულნი არიან ასევე, რომ 2014 წლის 30 მაისამდე საკუთრებაში გადაცემულ უძრავ ქონებაზე ააშენოს ან/და რეკონსტრქუცია ჩაუტაროს შენობას, ხოლო 2014 წლის 1 სექტემბრამდე ექსპლუატაციაში შეიყვანოს ციტრუსის შემფუთავი/დამხარისხებელი ან/და გადამამუშავებელი საწარმოს ამოქმედების მიზნით შენობა-ნაგებობა. ამ პერიოდისათვის საწარმოს საკუთრებაში უნდა გააჩნდეს, არანაკლებ 3 ტონა/საათში წარმადობის ციტრუსის შემფუთავი/დამხარისხებელი ან/და გადამამუშავებელი ხაზი, არანაკლებ 2 ტონა ტვირთამწეობის ავტომტვირთავი, ელექტროსასწორი და პნევმატური ურიკა და საწარმო მზად უნდა იყოს სეზონისათვის ციტრუსის შეფუთვა-დახარისხების ან/და გადამუშავებისათვის.