საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება და საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ შეხვედრაში იღებს მონაწილეობას.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ფინანსთა მინისტრის მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები: საერთაშორისო სავალუტო ფონდის განმკარგულებელი დირექტორის მოადგილესთან, მინ ჟუსთან (Min Zhu), სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორებთან: მენო შნელთან (Menno Snel) და მეგ ლუნდსაგერთან (Meg Lundsager), სსფ-ის შუა და ცენტრალური აზიის მიმართულების დირექტორთან, მასუდ აჰმედთან (Masood Ahmed), აგრეთვე მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთან ფრანკ ჰემსკერკთან (Frank Heemskerk), ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულებით მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან, ლორა ტაკთან (Laura Tuck), მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტოს (MIGA) ვიცე-პრეზიდენტთან, კეიკო ჰონდასთან (Keiko Honda), სსფ-ის ინსტიტუტის დირექტორთან, შარმინი კურეისთან (Sharmini Coorey).
აგრეთვე, გაიმართება მოლაპარაკებები საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody's-სა და საინვესტიციო კომპანია J.P Morgan-ის წარმომადგენლებთან. შედგება ფინანსთა მინისტრის შეხვედრა „Doing Business"-ის ხელმძღვანელობასთან.
სამუშაო ვიზიტის დროს, საქართველოს ფინანსთა მინისტრს ასევე დაგეგმილი აქვს შეხვედრები აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენთან ტაკეჰიკო ნაკაოსთან (Takehiko Nakao) ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მმართველ დირექტორთან თურქეთში, აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ოლივიე დაკამთან (Olivier Descamps) აგრეთვე, ევროსაბჭოს ბანკის (CEB) მმართველთან რალფ ვენცელთან (Rolf Wenzel).
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრის პროგრამა ითვალისწინებს პლენარულ სესიებს, კონფერენციებსა და სემინარებს, რომლის დროსაც განიხილება ისეთი თემები, როგორებიცაა: მსოფლიო ეკონომიკის მიმოხილვა, გლობალური ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა, განვითარებადი ბაზრები და მათი განვითარების პერსპექტივა, აღნიშნულ ბაზრებზე ეკონომიკური ზრდის შემაფერხებელი ძირითადი ფაქტორები და ა.შ.
ფინანსთა მინისტრთან, ნოდარ ხადურთან ერთად, დელეგაციაში იმყოფებიან მინისტრის მოადგილე დავით ლეჟავა და შემოსავლების სამსახურის უფროსი ლაშა ხუციშვილი.