ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით, საქართველოში რუსი ტუროპერატორები და ჟურნალისტები იმყოფებიან. პროგრამის მიხედვით ტურის მონაწილეები ეწვევიან ბათუმს, ქუთაისს, ანანურს, ყაზბეგს, გუდაურს, სიღნაღს, წინანდალს, მცხეთას და თბილისს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, გაიმართა რუსი ტუროპერატორების სამუშაო შეხვედრა ქართველ ტუროპერტორებთან, სადაც მათ კონტაქტების გაცვლის და სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვის შესაძლებლობა მიეცათ. შეკრებილი საზოგადოებისთვის საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ გამართა.
რუსეთის ფედერაცია საქართველოსთვის ერთ-ერთ პირველად მიზნობრივ ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს.
2012 წელს საქართველოში იმოგზაურა 508 513-მა ვიზიტორმა რუსეთიდან, რაც 83%-ით აღემატება 2011 წლის მაჩვენებელს, ხოლო 2013 წლის პირველ 3 თვეში წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით რუსი ვიზიტორების რაოდენობა 103%-ით გაიზარდა.
აღნიშნული ტური ხელს შეუწყობს ქვეყანაში რუსეთიდან შემომავალი ტურისტული ნაკადის ზრდას, საქართველოს ტურისტული პოტენციალის რეკლამირებას და პოპულარიზაციას რუსეთის ტურისტულ ბაზარზე.