"თუ დავიწყებთ ჩხირკედელაობას ვის ეჭირება ჩირაღდანი ხელში და ამის გამო ჩვენი პოზიციების გადახედვას დავიწყებთ, მე მგონი არასწორი იქნება,"- ამის შესახებ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა დღეს გავრცელებული იმ ინფორმაციის კომენტირებისას ისაუბრა, რომლის თანახმად, სოჭის ოლიმპიადის ერთ-ერთი პირველი მეჩირაღდნე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილე სამხედრო მფრინავი ივან ნაჩაევი იქნება.
"მიუხედავად ყველაფრისა, რაც მოხდა, რეგიონული უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საერთაშორისო ჩართულობიდან გამომდინარე და საქართველოს პრესტიჟიდან გამომდინარე, უნდა მივიღოთ მონაწილეობა ოლიმპიადაში. რუსეთმა უდიდესი ზარალი მიაყენა ქვეყანას, ოკუპაცია განახორციელა და აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება მოახდინა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ოლიმპიადაში ვმონაწილეობთ,"- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
რუსი სამხედრო მფრინავი ივან ნაჩაევი 2008 წლის აგვისტოში საქართველოში "სუ 25"-ის ტიპის თვითმფრინავით საბრძოლო დავალებებს ასრულებდა. აღნიშნული ომის შემდეგ მას რუსეთში გმირის წოდებაც მიენიჭა.