"ეს მთავრობის განსახილველია, ამისათვის რაღაცა ერთობლივი მექანიზმებიც არსებობს,"- ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადების კომენტირებისას ისაუბრა, რომლის თანახმად, პრეზიდენტი მთავრობას ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდებარე სოფლებში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე სათანადო რეაგირებისთვის თანამშრომლობას სთავაზობს.
"არ ვიცი პრეზიდენტთან თანამშრომლობა რანაირად შეიძლება მოხდეს. რაც შეეხება ჩვენს ორმხრივ დიალოგს რუსეთთან, მზად ვართ მოვისმინოთ ნებისმიერი საინტერესო, კონკრეტული, პერსპექტიული წინადადება,"- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაბრუნების შემდეგ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდებარე სოფლებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობის ნებისმიერ ინიციატივას დაუჭერს მხარს, რომელიც ქვეყნის დეოკუპაციისკენ იქნება მიმართული.
"ბოლო თვეებში ჩვენ უფრო მეტ სახნავ-სათესზე და სასოფლო-სამეურნეო მიწებზე დავკარგეთ კონტროლი, ვიდრე 2008 წლის ცხელი ომის დროს ქურთაში და თამარაშენში. ეს ყველაფერი ისე მოხდა, რომ პრაქტიკულად ვერავინ გაიგო მსოფლიოში ამის შესახებ. ამიტომ ახლა არ არის ქიშპობის დრო, მე მზად ვარ, დავჯდე საქართველოს მთავრობასთან ერთად და ჩემს ხელთ არსებული ყველა რესურსი გამოვიყენო, მათ შორის საერთაშორისო. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, თუ როგორ შევაჩეროთ ჩვენი მიწების ასეთი ჩუმი და ძალიან საშიში ანექსია! ნებისმიერ ქმედებას დავუჭერ მხარს, რომელსაც საქართველოს მთავრობა გააკეთებს, რომელიც ამ ანექსიას შეაჩერებს. ახლა მოქმედების დროა, სწორედ ახლა მწყობრად და კოორდინებულად უნდა ვიმოქმედოთ! მთავარი გაკვეთილი არის ის, რომ, ძალა ერთობაშია, ჩვენ რუსეთის ამ მცოცავ ანექსიას აუცილებლად შევაჩერებთ",- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
.