საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდებარე სოფლებში განვითარებულ მოვლენებზე სათანადო რეაგირების მოხდენის თვალსაზრისით და სასარგებლო რჩევების მისაღებად იგი მზადაა, თუმცა ამისთვის მიხეილ სააკაშვილი არ გამოდგება.
"კარგ მასწავლებელს, რომელსაც აქვს სერიოზული მიღწევები, მე სიამოვნებით მოვუსმენდი, მაგრამ ის ვერ გამოდგება კარგ მასწავლებლად. ის უარესი მასწავლებელია. მას ლომის წილი აქვს იმაში, რაც ჩვენ მივიღეთ. როგორციც ჩაიბარა მან ეს შედეგები, არ იყო არც მაშინ კარგი, გახსოვთ, როდესაც მათ წინა ხელისუფლებისგან გადაიბარეს, არ იყო იქ ე.წ. სამშვიდობოები. ის სამშვიდოებოები იქ გაცილებით სხვა მისიებსაც ასრულებდნენ, მაგრამ ასე იყო ოფიციალურად ეს გაფორმებული და სულ სხვა პირობები ჰქონდა. აი, რა მივიღეთ მათი მოსვლის შემდეგ და ამაში ლომის წვლილი აქვს პირადად სააკაშვილს. და ახლა დავუჯდე და სააკაშვილმა უნდა მასწავლოს ჭკუა, რა გავაკეთო?! მან გააკეთა უკვე გასაკეთებელი და ის, რაც დღეს ხდება საზღვრებთან, ზუსტად რომ ლომის წვლილი მაგისაა,"- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაბრუნების შემდეგ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდებარე სოფლებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობის ნებისმიერ ინიციატივას დაუჭერს მხარს, რომელიც ქვეყნის დეოკუპაციისკენ იქნება მიმართული.
"ბოლო თვეებში ჩვენ უფრო მეტ სახნავ-სათესზე და სასოფლო-სამეურნეო მიწებზე დავკარგეთ კონტროლი, ვიდრე 2008 წლის ცხელი ომის დროს ქურთაში და თამარაშენში. ეს ყველაფერი ისე მოხდა, რომ პრაქტიკულად ვერავინ გაიგო მსოფლიოში ამის შესახებ. ამიტომ ახლა არ არის ქიშპობის დრო, მე მზად ვარ, დავჯდე საქართველოს მთავრობასთან ერთად და ჩემს ხელთ არსებული ყველა რესურსი გამოვიყენო, მათ შორის საერთაშორისო. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, თუ როგორ შევაჩეროთ ჩვენი მიწების ასეთი ჩუმი და ძალიან საშიში ანექსია! ნებისმიერ ქმედებას დავუჭერ მხარს, რომელსაც საქართველოს მთავრობა გააკეთებს, რომელიც ამ ანექსიას შეაჩერებს. ახლა მოქმედების დროა, სწორედ ახლა მწყობრად და კოორდინებულად უნდა ვიმოქმედოთ! მთავარი გაკვეთილი არის ის, რომ, ძალა ერთობაშია, ჩვენ რუსეთის ამ მცოცავ ანექსიას აუცილებლად შევაჩერებთ",- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
.