საქართველოს საგარეო საქმეთა ექს-მინისტრის, ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი გენერალური მდივნის ეკა ტყეშელაშვილის განცხადებით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდებარე სოფლებში რუსი სამხედროების მიერ ე.წ. საზღვრის გავლების პროცესი იგივე შედეგზე ორიენტირებულია, რაც რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად მიიღო, ოღონდ დღეს ეს ტანკების გარეშე ხდება.
როგორც ტყეშელაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აღნიშნა, "ამ შემთხვევაში პროცესების შესაჩერებლად და მათზე რეაგირებისთვის ყველაზე ეფექტური და უალტერნატივო გზა დიპლომატიური ბერკეტების გამოყენება და საერთაშორისო საზოგადოების მობილიზაცია უნდა იყოს"
"ბუნებრივია, ძალიან ძნელია საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული მუშაობის ხარისხობრივი თვალსაზრისით შეფასება. დიმპლომატიური თვალსაზრისით ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა შედეგობრივი თვალსაზრისით თუ ვიმსჯელებთ, დღეს ძალიან დასანანია ის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის რეაგირება ძალიან არაადეკვატურად მეჩვენება იმ პრობლემასთან მიმართებაში, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ ე.წ. საზღვრების და სინამდილეში კი, საოკუპაციო ხაზის გადმოწევის და გადმოჩოჩების ფაქტებთან დაკავშირებით. მარტივად რომ წარმოვიდგინოთ, ფაქტიურად რუსეთი დღეს აკეთებს იგივეს, რაც 2008 წელს გააკეთა, ოღონდ ტანკების გარეშე. აფართოვებს ოკუპაციის ქვეშ, საკუთარი კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიის არეალს და ამას აქტიური საომარი მოქმედებების გარეშე აკეთებს,"- განაცხადა ეკა ტყეშელაშვილმა.
მისივე თქმით, "ამ შემთხვევაში ძალიან მაღალ დონეზე უნდა განვიხილოთ რა დონეზე და რა სიხშირით ხდება რუსეთთან მიმართებაში საერთაშორისო საზოგადოების აქტივობა, რადგან ეს აქტივობა და აღნიშნულ პრობლემაზე რეაგირება სათანადო ხარისხის არ არის".
"მე ამ საკითხთან დაკავსირებით საერთაშორისო თანამეგობრობის აქტივობის ხარისხი გაცილებით დაბალი მეჩვენება, ვიდრე ეს უნდა იყოს იმ ფონზე, რა პროცესებსაც ჩვენ დღეს ვხდავთ ოკუპაციის ხაზის და ოკუპაციის საზღვრების გაფართოების სახით,"-აღნიშნა ტყეშელაშვილმა.
ეკა ტყეშელაშვილი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა იმ განცხადებებსაც გამოეხმაურა, რომლის თანახმად, სოფლებში დიცსა და დვანში მავთულხლართების გავლების პროცესი და ტერიტორიაზე ე.წ. საზღვრის მშენებლობა კანონის სრული დაცვით და საბჭოთა კავშირის დროს არსებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის რუქის მიხედვით ხორციელდება.
"ეს ყველაფერი ფიქციაა მარტივად რომ ვთქვათ. ჯერ ერთი, თავისთავად სამხრეთ ოსეთი როგორც სახელმწიფო არ არსებობს. ეს არის რუსეთის მიერ შეთხზული ფიქცია საქართველოს რეგიონის ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარების თვალსაზრისით. ამიტომ, ნებისმიერი არგუნმენტი, რომელიც შეიძლება ამათუიმ გეგმების მიხედვით ამ რეგიონის დეფინიციას შეეხებოდეს, თავისთავად არალეგიტიმურია, მაგრამ ოსებს რომ თავი დავანებოთ და რუსეთზე ვილაპარაკოთ, რუსეთი დღეს არის ოკუპაციის განმახორციელებელი ძალა. ის არის სახელმწიფო, რომელიც სხვა სახელმწიფოს ტერიტორიის ნაწილზე სრულ კონტროლს ახორციელებს. 2008 წლის მოვლენების შედეგად, რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის არეალი გარკვეული ტერიტორიებით შემოიფარგლა. დღეს რუსეთი ამ ნაბიჯებით საკუთარი კონტროლის არეალს აფართოვებს. საერთაშორისო სამართლის სუბიექტი არის რუსეთი, როგორც დამოუკიდებელი სახლემწიფო, შესაბამისად, რაც მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დღეს ხდება, საერთაშორისო სამართლის ნორმების თვალსაზრისით, მისი პასუხისმგებლობის ქვეშ ხდება, რადგან ამ ტერიტორიაზე კონტროლს ახორციელებს რუსეთი. შესაბამისად, მის მიერ კონტროლირებადი ზონის გაფართოვებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს. ეს სხვა არაფერია თუ არა საოკუპაციო ზონის გაფართოვება, მეტი სხვა სახის დეფინიცია ამას არ ექნება. რუსეთი იმასაც კი ცდილობს, რომ წარმოაჩინოს, რომ ის არ არის ოკუპანტი და ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთის ტერიტორიაზე ე.წ . სუვერენული სახელმწიფოების მიერაა მოწვეული გარეშე ძალაა, რათა მათი უსაფრთხოება დაიცვას,"-დასძინა მან.
რაც შეეხება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ ბოლო დღეებში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდებარე ქართულ სოფლებში განვითარებული მოვლენები სოჭის ოლიმპიურ თამაშებს უკავშირდება, ტყეშელაშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ფაქტის ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირება არალოგიკურია.
"ახალგორის და სამხრეთ ოსეთის რეგიონი არ მგონია რაიმე სიახლოვეს იყოს სოჭთან, ასევე რაიმე ზემოქმედება გააჩნდეს ოლიმპიადის უსაფრთხოებასთან. ამიტომ, რაიმე კავშირს დღეს საოკუპაციო არეალის გაფართოვებასა და სოჭის ოლიმპიადასთან მე პირადად ვერ ვხედავ,"- განაცხადა ტყეშელაშვილმა.