29 სექტემბერს, 15:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე შავფაროსნების და ქართულ სამოსში გამოწყობილი მოქალაქეების, ასევე ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით მსვლელობა გაიმართება.
კოსტუმირებულ მსვლელობაში ჩაერთვებიან ღონისძიების სტუმრები სხვადასხვა რეგიონებიდან და წარმაოდგენენ საკუთარი კუთხისთვის დამახასიათებელ სამოსსა და აღჭურვილობას. მსვლელობა დასრულდება რიყის პარკში.
17:00 საათიდან, რიყის პარკში დაიწყება ფესტივალის მეორე ნაწილი, სადაც ქართული საბრძოლო ხელოვნების საჩვენებელ წარმოდგენებთან ერთად მოეწყობა შეჯიბრი მშვილდოსნობაში, ძალის გამოცდაში, გაიმართება სხვადასხვა ტრადიციული თამაშობები, ასევე მოეწყობა ქართველი მჭედლების ნამუშევრების გამოფენა, ქართველი მხედარმთავრების კუთხე, გამოიფინება ქართული ტრადიციული სამოსის ესკიზები.
ფესტივალის ფარგლებში საკუთარ ექსპონატებს წარმოადგენს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. გამოფენილი იქნება ქართველი გენერლის გიორგი კვინიტაძის ჩოხა, რომელიც საჭიროებს რესტავრაციას. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გენერალი გიორგი კვინიტაძე იყო დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების უკანასკნელი მთავარსარდალი.
ფესტივალი, რომელიც პირველად იმართება მიზნად ისახავს ქართული საბრძოლო ხელოვნების პპოპულარიზაციას, ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს.
მასალის გამოყენების პირობები