„ჩემი ოჯახის კლინიკის" მიერ, სამედიცინო ხარისხის გაუმჯობესებისა და სამედიცინო დახმარების დროულობის უზრუნველსაყოფად, 2012 წლის 4 ოქტომბერს დაიწყო წინასწარ შერჩეული კადრების გადამზადება გადაუდებელი მედიცინის პროგრამით. ტრენინგი კორპორაცია "პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის საქართველოს წარმომადგენლობასთან" თანამშრომლობით ტარდება.
როგორც „ჩემი ოჯახის კლინიკიდან" გვაცნობეს, სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება და კლინიკური მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. პროექტის როგორც პირველ, ისე მეორე ეტაპზე, მსმენელები უზრუნველყოფილი არიან საცხოვრებლით და სასწავლო სტიპენდიით. ქსელის მასშტაბით კომპანიამ ამ დარგის სპეციალისტების მომზადებაში 200.000 ლარის ინვესტიცია განახორციელა.