რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფხაზეთში რუსი დიპლომატის მკვლელობას აფხაზეთსა და რუსეთს შორის არსებული „მეგობრული ურთიერთობებისათვის ზიანის მიყენების მცდელობად" აფასებს.
„ეს არის საზარელი ბოროტმოქმედება,რომელიც მიმართულია რუსულ აფხაზური მეგობრული ურთიერთობების შერყევისაკენ", _ წერს რუსეთის საგარეო უწყება საგანგებოდ გავრცელებულ განცხადებაში და იქვე აღნიშნავს, რომ იმედისმომცემია ის ფაქტი, რომ ამ მკვლელობის გამოძიების საქმე აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა პირად კონტროლზე აიყვანა და აფხაზი და რუსი სამართალდამცავების ერთობლივი ძალისხმევის ამჟამად ყველა საგამოძიებო პროცედურა ტარდება.
რუსეთის საგარეო უწყება უსამძიმრებს მოკლული დიპლომატის ოჯახსა და ახლობლებს და აღნიშნავს, რომ ეს აფხაზი და რუსი ხალხის ერთობლივი ტრაგედიაა.
შეგახსენებთ, რომ 9 სექტემბერს დილით, აფხაზეთში არსებული რუსეთის ე.წ. საელჩოს პირველ მდივანზე დიმიტრი ვიშერნევზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. გამოყენებულ იქნა ცეცხლსასროლი იარაღი. თავდამსხმელებმა დიპლომატის ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს. დიპლომატი მიღებული ჭრილობებისაგან ადგილზე გარდაიცვალა. მასთან ერთად იმყოფებოდა მისი მეუღლე რომელიც ასევე მძიმედ დაიჭრა და ამჟამად სოხუმის საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაშია მოთავსებული.