საქართველოს პრეზიდენტმა ამბროლაურში „რაჭა-ლეჩხუმის ღვინის ფესტივალზე" დასასწრებად გზის ნაწილი მატარებლით გაიარა. მიხეილ სააკაშვილმა სამგზავრო მატარებლით იმგზავრა და მგზავრებს გაესაუბრა. ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება ახალი რკინიგზის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
როგორც ცნობილია დღეს 16 საათზე რაჭაში ტრადიციული ღვინის ფესტივალი გაიმართება.
ფესტივალზე წარმოდგენილი იქნებიან რაჭველი და ლეჩხუმელი მეღვინეები (დაახლოებით 60 მეღვინე), რომლებიც ოჯახურ პირობებში აწარმოებენ ადგილობრივი მაღალი ხარისხის ღვინოებს.
ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ და შეიძინონ უგემრიელესი, მაღალი ხარისხის ღვინო. ღვინის გარდა ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტის (ამბროლაური, ლენტეხი, ონი, ცაგერი) ეთნოგრაფიული კუთხეები ტრადიციული სამზარეულოთი და ფოლკლორით, მათ შორის ადგილობრივი წარმოების ყველი და თაფლი.
ფესტივალი მიზნად ისახავს რეგიონში ტრადიციული მეღვინეობის აღდგენა-შენარჩუნებას, მცირე მწარმოებლების ხელშეწყობას, ადგილობრივი ღვინის პოპულარიზაციას, საოჯახო მარნების კულტურის განვითარებას, ტრადიციული ვაზის ჯიშების მოძიება-შენარჩუნებას და სხვა... სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეული სპეციალისტების მიერ გამოვლინდება საუკეთესო მეღვინეები, რომლებსაც გადაეცემათ სიგელები და სპეციალური მედლები.
რაჭა-ლეჩხუმის ღვინის ფესტივალის ორგანიზატორია ,,რაჭა-ლეჩხუმის ტრადიციული მეღვინეობის ასოციაცია". ღვინის ფესტივალი იმართება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის მხარდაჭერით.