ბოლნისის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ ერაძე თანამდებობიდან გათავისუფლებულია.
ერაძის იმპიჩმენტის საკითხს მხარი ბოლნისის საკრებულოს 4 ფრაციის 13-მა დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა.
მალხაზ ერაძის მომხრეები აღნიშნულ გადაწყვეტილებას უკვე მეორე დღეა აპროტესტებენ და საკრებულოს დეპუტატთა მიერ გუშინ დანიშნულ სხდომას არალეგიტიმურად მიიჩნევენ.
მათი თქმით, დახურულ კარს მიღმა ჩატარებული სხდომა "ნაციონალური მოძრაობის" მომხრე დეპუტატებმა ჩაატარეს და მას ფრაქცია "ქართული ოცნების" არც ერთი წარმომადგენელი არ დასწრებია.
დახურულ კარს მიღმა ჩატარებული სხდომის მონაწილე დეპუტატთა განცხადებით, განსახილველ 6 საკითხს შორის, ბოლო, მე-6 საკითხი საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტი იყო და მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, აღნიშნული საკითხის პირველ რიგში გადატანა მოხდა. მათივე ინფორმაციით, მალხაზ ერაძის გადაყენების საკითხს მხარი ბოლნისის საკრებულოს 13-მა დეპუტატმა დაუჭირა.
ბოლნისის საკრებულოში სხდომა გუშინ 15:00 სათისთვის იყო ჩანიშნული. საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩატარების საკითხი ბიუროს გუშინდელ სხდომაზე 4 ფრაქციის წარმომადგენელი 8 დეპუტატის ინიციატივით დადგა. საკრებულოს მოქმედმა თავმჯდომარემ მალხაზ ერაძემ სხდომის ღია რეჟიმში ჩატარება და მასზე ადგილობრივი მოსახლეობის დასწრება მოითხოვა, რასაც რიგგარეშე სხდომის ინიციატორი ფრაქციების წარმომადგენლები შეეწინააღმდეგნენ და სხდომის მცირე დარბაზში, დახურულ კარს მიღმა ჩატარება გადაწყდა.
მალხაზ ერაძე დახურულ კარს მიღმა ჩატარებულ სხდომას არ დასწრებია, თუმცა იგი მთელი დღის განმავლობაში მის მომხრეებთან ერთად ბოლნისის საკრებულოს შენობასთან იმყოფებოდა.