დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეები ლაშა მოისწრაფიშვილი და ბაკურ კვარაცხელია, კავკასიის ბუნების ფონდის პროგრამების დირექტორი დენიელ სეპიკი და პროკრედიტ ბანკის 50 თანამშრომელი ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებს ეწვივნენ.
პროკრედიტ ბანკის ეკო ქვეგანყოფილების წარმომადგენლებმა და ბანკის 50-მა თანამშრომელმა „მაჭისციხის" 5 კილომეტრიანი მარშრუტი დაასუფთავეს და მიიღეს მონაწილეობა გადასასვლელი ხიდისა და საფეხურების სარეაბილიტაციო სამუშაოებში. ღონისძიებაში ჩართული იყო კავკასიის ბუნების ფონდის წარმომადგენლობაც.
მიმდინარე წლის ივნისში საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს, პროკრედიტ ბანკსა და კავკასიის ბუნების ფონდს (CNF) შორის გაფორმებული შემოწირულობის ხელშეკრულების საფუძველზე, პროკრედიტ ბანკმა გამოყო თანხა ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების საოპერაციო ხარჯების უზრუნველსაყოფად.
პროკრედიტ ბანკი უკვე მესამე წელია თანამშრომლობს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კავკასიის ბუნების ფონდთან. წინა წლებში, ბანკის მხარდაჭერით, ტურისტული ბილიკის „ნინოსხევის ჩანჩქერის" რეაბილიტაცია განხორციელდა, ხოლო პარკის ადმინისტრაციას გადაეცა სანაგვე ურნები. მიმდინარე წელს კი, ვიზიტორებისა და რეინჯერების მთაში ცხენით კომფორტულად გადაადგილების მიზნით, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციას ბანკისაგან საცხენოსნო ხურჯინები ერგო საჩუქრად.
აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვა და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი აქტივობა პროკრედიტ ბანკისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია და ბანკი ამ მიმართულებით კვლავ აქტიურად გააგრძელებს მუშაობას.
მასალის გამოყენების პირობები