"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" მიიჩნევენ, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომა ოქტომბერში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარებას ხელს შეუშლის.
როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, ზურაბ ხარატიშვილის გადაწყვეტილება საარჩევნო პროცესზე ცუდად აისახება.
"ძალიან ვწუხვარ, რომ არჩევნებამდე 2 თვეზე ცოტა მეტია დარჩენილი და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თანამდებობიდან გადადგა. ეს საარჩევნო პროცესისთვის ძალიან რთულია. ალბათ, ამის კონკრეტული გარემოებები არსებობდა თუ რატომ მიიღო ზურაბ ხარატიშვილმა ეს გადაწყვეტილება, მაგრამ კიდევ ერთხელ ცალსახად მინდა ვთქვა, რომ ეს გადწყვეტილება საარჩევნო პროცესს დააზიანებს და არჩევნების ნორმალურ რეჟიმში ჩატარებას ხელს შეუშლის, ზოგადად, სამენეჯმენტო სისტემის სწორ გამართვას, რომელმაც არჩევნების ნორმალური ჩატარება უნდა უზრუნველყოს,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ ზურაბ ხარატშვილმა ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს მისი თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე შესაბამისი განცხადებით 12 აგვისტოს მიმართა.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი ადასტურებს, რომ პოლიტიკურ მოღვაწეობას გეგმავს.
ამის შესახებ ხარატიშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, თუმცა სხვა დეტალების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.
"დღეს, ცოტა ნაადრევი გამომივა საუბარი. პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას ვაპირებ, როდის გადავწყვიტე, ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბროთ. ვადასტურებ, რომ პოლიტიკურ საქმიანობას ვაპირებ, დეტალებზე ცოტა მოგვიანებით,"- განუცხადა "რუსთავი 2"-ს ხარატიშვილმა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზურაბ ხარატიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში იყრის კენჭს.